11 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარშავაში გამომავალი ქართველოლოგიური ჟურნალის „Pro Georgia“-ს ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება, აღინიშნება ამ ჟურნალის გამოცემის 30-ე წლისთავი, წმიდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგენა და გაიხსნება გამოფენა. ღონისძიებაზე თსუ პროფესორი ზურაბ ჭუბურიძე დაჯილდოვდება ვარშავის უნივერსიტეტის წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიით.
სამეცნიერო ჟურნალი”Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies“დაარსდა 1991 წელს და მისი დამაარსებელი გახლავთ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიურ/ქართველოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, დავით ყოლბაია. ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. „პროგეორგიამ“ ჩაუყარა საფუძველი პოლონურ ქართველოლოგიას: ვარშავის უნივერსიტეტში ქართული ენის, მწერლობის, ეკლესიის ისტორიის შესწავლას. სტატიები იბეჭდება პოლონურ და ინგლისურ ენებზე.
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემენ. პრემია ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომელებსაც ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ.
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია წარმოადგენს X საუკუნის უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის მარტვილის პანაგიას ასლს, მოხატულს მარგალიტის თვლებითა და მინანქარით, ოქროსა და ვერცხლში მოოჭვილს, სადაც წმ. გრიგოლის ხატია გამოსახული. – ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.