ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანელი სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლას სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია – კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“ წელს უკვე მეთორმეტედ უმასპინძლებს. საზაფხულო სკოლა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით ხორციელდება.
სკოლაში ჩართულნი იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ჰაინრიხ ბიოლის ფონდი CRRC.
„საზაფხულო სკოლის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მისი კულტურა, პოლიტიკური მოვლენები და ხელი შეუწყოს რეგიონის მეცნიერული კვლევის პოპულარიზაციას. სკოლა მონაწილეებს საშუალებას აძლევს გაიაზრონ სამხრეთ კავკასია, მისი კულტურული თავისებურებები, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. სემინარების ფარგლებში გაზიარებულ თეორიულ ცოდნას ერწყმის პრაქტიკული კომპონენტი ექსკურსიების სახით, რომელიც საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაათვალიერონ კულტურული ძეგლები და საქართველოს ბუნება, ასევე ეზიარონ ადგილობრივი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას.“ – ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე.
წელს საზაფხულო სკოლა 04 – 17 სექტემბერს გაიმართება და მისი ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან გურჩიანი იქნება. სკოლას, ტრადიციულად, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ეწვევა.