თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება ახალი რეგულაციები:
საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მოქალაქე ვალდებულია „Hayat Evde Sığar – HES kodu“ აპლიკაციის საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული „PCR“ ტესტის უარყოფითი პასუხი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო, მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო მგზავრობისას.
ამასთან, კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულო იქნება „Hayat Evde Sığar – HES kodu“ აპლიკაციის საშუალებით სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული „PCR“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო საავტომობილო, სატვირთო გადაზიდვების მძღოლებზე, მეზღვაურებსა და ტურისტებზე.
„დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
- ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
- ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
- ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
- ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.