სოფელ როდინაულში ბოლშევიკებმა სოფლის ეკლესია გააუქმეს და გადააკეთეს თეატრად, მაგრამ მორწმუნეების დაჟინებული მოთხოვნით ეკლესიას პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნდა. საჭირო გახდა მისი ხელმეორედ კურთხევა, რისთვისაც 1924 წლის 30 ივლისს სოფლის საეკლესიო საბჭოს წევრმა ვლადიმერ მაღლაკელიძემ თხოვნით მიმართა ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას. იერარქი სხვა საეკლესიო პირებთან ერთად 2 აგვისტოს ეწვია როდინაულს. მწუხრის და ცისკრის ლოცვის შემდეგ, დაახლოებით საღამოს 8-9 საათზე, სოფლის მღვდელ მამა დომენტი გიორგაძესთან ერთად მოსასვენებლად ესტუმრნენ ახლო მოსახლე გლეხ მათე ჩუბინიძეს, სადაც დაგვიანების გამო ვახშმად ქცეული სადილი გაიმართა. საღამოსვე მიადგნენ სახლს ხელისუფლების წარმომადგენლები: როდინაულის თემის საბჭოს თავმჯდომარე, სვირის რაიმილიციის უფროსის მოადგილე და მილიციელები. დააპატიმრეს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარე ლეჟავა, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, დეკანოზი ერთაოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე, მღვდელი პოლიევტო ვარდოსანიძე, მღვდელი დომენტი გიორგაძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე, მთავარდიაკონი ისიდორე სვანიძე, მოწაფე ნიკოლოზ ლეჟავა, მოწაფე არჩილ ლეჟავა (მიტროპოლიტის ძმისშვილები).
აი, რას წერს დაკითხვის ოქმში 56 წლის მიტროპოლიტი: (სტილი დაცულია) ,,…ჩემი საწოლიდან კვლავ ამაგდეს და გამაგდეს ზალაშიდ, საიდანაც კვლავ ცემა ტყეპით….. მიჩვენა რაღაცა წითელი მელნით წარწერა, რომლითაც მათ ევალებოდათ დაეპატიმრებიათ მღვდლები და არა მიტროპოლიტი და მღვდელ მთავარი, ამ საშინელი წამების შემდეგ მე, დაღლილ-დაქანცულს, შეუძლებლათ მიმაჩნდა მათ გავყოლოდი, და ვფიქრობდი, რომ ისინი მე დამატყვევებდნენ სახლშიდ, მაგრამ მათ მე სულ მთლად გაშიშვლებული, პერანგის ამხანაგის ამარა, ღამის პირველი საათი იქნებოდა დაახლოებით, ძალით დამაწვინეს ურემზედ, შემიკრეს ხელ-ფეხი, ვით ბოროტ ავაზაკს, და საშინელი ურმის რაძგუნით და ტკივილების გრძნობით ღამითვე მიმიყვანეს ერთ სახლშიდ, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა აღმასკომის და იქ შემაგდეს, როგორც პატიმარი ერთ პატარა ოთახშიდ: ჩვენება ესე ჩემს მიერ სისწორით ნაჩვენები და რომელიც წამიკითხა და შემდეგ ჩემს საკუთარ ხელს ვაწერ ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი”. მათ, რომლებმაც არ უარყვეს მღვდელმსახურება, კონტრრევოლუციური მიზნებისთვის არალეგალური შეკრებისა და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ქუთაისის პოლიტბიუროს საგანგებო სამეულის სხდომის 1924 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით, მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა! დახვრეტილ იქნენ: მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა – 56 წლის, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე – 56 წლის, დეკანოზი ერთაოზ ნიკოლაძე – 59 წლის, მღვდელი სიმონ მჭედლიძე – 60 წლის, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე – 53 წლის. დანარჩენები ,,განთავისუფლებულ იქნენ დარაჯ ქვეშ ყოფნიდან.” საქმე № 590 დაიხურა და გადაეგზავნა საქართველოს საგანგებო კომისიას არქივში ჩასაბარებლად. 1994 წ. მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილი მიტროპოლიტი ნაზარი წმინდანთა დასში შერაცხა წმინდა მღვდელმოწამე ნაზარის სახელწოდებით.