ქართველი ძალოსნების მორიგი წარმატება

ნიკოლოზ ესართია ატაცში ევროპის ჩემპიონია. ზუგდიდელმა ძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით დაძლია და მეტოქე სპორტსმენებს შანსი არ დაუტოვა, ნიკოლოზის დაძლეული წონები: 123,127 და 129 კგ.

ასევე დასრულდა შეჯიბრება ორი ხელით აკვრაში და გამოვლინდნენ 73კგ.(U17) წონით კატეგორიაში გამარჯვებული ძალოსნები.

ისევე როგორც ატაცის მოძრაობაში ნიკოლოზ ესართია ორი ხელით აკვრაშიც ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და მსვლელობას ლიდერობდა. აკვრაში ნიკოლოზ ესართია ვერცხლის მედალს დასჯერდა და საბოლოოდ ორჭიდის ჯამში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საბოლოოდ ნიკოლოზ ესართიას სახელზე ერთი ოქრო და ორი ვერცხლის მედალია.

რაც შეეხება საბა ადამიას, მან საქართველოს 2 რეკორდი დაამყარა – აკვრაში 9კგ-ით, ხოლო ორჭიდში 10კგ-ით გააუმჯობესა თავისივე რეკორდები  და ასევე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის (U15) 81კგ  წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.