თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტები, სანდრო ხოხიაშვილი, ვანო გამეზარდაშვილი და ბაქარ გამეზარდაშვილი ICPC-ის (International Collegiate Programming Contest) ფინალურ ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ICPC-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და საწყის ეტაპზე მასში მონაწილეობს 60 000-ზე მეტი სტუდენტი მსოფლიოს 3 000-ზე მეტი უნივერსიტეტიდან. შესარჩევი ეტაპების შემდეგ ვლინდება 130-მდე საუკეთესო გუნდი, რომლებიც ერთმანეთს ფინალში ეჯიბრებიან. კონკურსის ფინალში საქართველო მეოთხედ გავიდა. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდებმა კი ეს უკვე მეორედ შეძლეს (პირველად – 2015 წელს).
კონკურსის ფინალური ეტაპი 1-6 ოქტომბერსაა დაგეგმილი და ჩვენს სტუდენტებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გუნდებთან მოუწევთ შეჯიბრება (MIT, Stanford University, Harvard University და სხვა).“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
გუნდის მწვრთნელი თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ზაზა გამეზარდაშვილია.