“რა ბედისწერა უნდა აკავშირებდეს ჩვენს ოჯახს პაბლო პიკასოსთან? წესით არავითარი. სად მეოცე საუკუნის შუა წლების ესპანეთი და სად იმავე პერიოდის კომუნისტური, ჩაკეტილი საქართველო, მაგრამ დღემდე მაოცებს რამდენად პარადოქსულ, გადახლართულ გზებზე შეიძლება ატაროს ცხოვრებამ ადამიანები. დიდ ესპანელ მხატვარს, მე ბავშვობიდან მხოლოდ შორეულ, ისტორიულ პერსონაჟად აღვიქვამდი. ჩემს მამას კი თურმე დრამატული ისტორია აკავშირებდა მასთან. გამოდის პაბლო პიკასო რომ არა, ალბათ, ჩემი მშობლები ვერ შეუღლდებოდნენ. ჩემს დაბადებაზე უკვე აღარაფერს ვამბობ.“ – წერს მუსიკოსი, მომღერალი ეთერ ჭყონია და სოციალურ ქსელში საოცარ ისტორიას გვიზიარებს.
„შორეული 1955 წელი იყო, როდესაც მორის ლეკიაშვილი, (ჩემი მომავალი მამა) როგორც ნიჭიერი მონაცემების მქონე მოცეკვავე, საოცრად მიმზიდველი გარეგნობის, ჯერ კიდევ მოზარდი, თბილისიდან სანქტ-პეტერბურგის (მაშინ ლენინგრადის) ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სტაჟირებაზე გადავიდა. იმავე სასწავლებელში ჩავიდა ახალგაზრდა, ულამაზესი კუბელი მოცეკვავე გოგონა, წარმოშვებით ესპანელი. (სახელს არ ვწერ, ვინაიდან ის პიროვნება დღეს ევროპაში ცნობილი პედაგოგი, 86 წლის ქორეოგრაფია და ეს ისტორია, უშუალოდ მის პირად ცხოვრებას ეხება). მოკლედ, შეხვედრისთანავე მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინებაც დაუგეგმავთ. ერთი წლის შემდეგ კი ლენინგრადში ხმა გავარდა, რომ ჩამოდიოდა გენიალური მხატვარი პაბლო პიკასო, რომელიც ერმიტაჟში გამოფენას ჩაატარებდა. პიკასომდე პირადად მიღწევა ძნელი იყო, ამიტომ ახალგაზრდა წყვილი გამოფენაზე დილით ადრე მისულა. გოგონა პიკასოს დანახვისთანავე გამოელაპარაკა. პაბლო ლამაზი ესპანელი „კარმენის“ რუსეთში დანახვას არ ელოდებოდა და შეცბა. გატაცებით დაიწყეს მშობლიურ ენაზე ლაპარაკი, მორისი კი ამ დროს პაბლოს სურათებს ათვალიერებდა. შემდეგ პიკასომ მასაც ჰკითხა, თუ მოსწონდა მისი ხელოვნება, რაზეც 18 წლის ბიჭს დიპლომატიურად მიუგია: „ადრე ველასკესით ვიყავი აღფრთოვანებული, რომელსაც ყველა შტრიხი სკრუპულოზურად გადმოცემული აქვს. თქვენი ხელოვნება რომ აღვიქვა, ალბათ მეტი განათლება დამჭირდება.“ პაბლოს უაღრესად მოსწონებია პასუხი და ორივე პარიზის საკუთარ რეზიდენციაში დაუპატიჟებია. შემდეგ დღეებში გოგონას ვეღარ იცნობდი, აღელვებული სულ პაბლო პიკასოზე ლაპარაკობდა და პარიზში გადასახლებაზე ოცნებობდა. მოგვიანებით კი თავისი გეგმა საქმროსაც გაანდო. თურმე ოდესაში მეგობარი ჰყოლია, რომელიც მათ მარსელში ინკოგნიტოდ გემით გადაიყვანდა. შემდეგ პარიზის რომელიმე თეატრში სამუშაოდ მოაწყობდა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ერთი წლის მანძილზე მისთვის პროცენტები უნდა ეხადათ. საინკოგნიტო მხოლოდ მორისის გადასვლა იყო, ვინაიდან იმ დროს კუბელი ესპანელებიც თავისუფლად მოძრაობდნენ ევროპაში. მორისმა მაშინვე კითხვა დაუსვა, გაუგია თუ არა მას ორგანიზაცია, რომელსაც კაგებე ჰქვია? რომ სსრკ-დან გაქცევის შემდეგ, მის მამას, უკეთეს შემთხვევაში. სამსახურიდან გააგდებდნენ, უარესში – დააპატიმრებდნენ. მისი ძმა განწირული იქნებოდა, შეიძლება ცემითაც მოეკლათ, ამიტომ ამ ნაბიჯს არასდროს გადადგამდა. გოგონა დაემუქრა, შენ თუ არ წამოხვალ, მარტო მე წავალ და პიკასოს უშენოდ შევხვდებიო. ამის გაგონებაზე, ეჭვიანობით აჭარხლებულმა ბიჭმა მას სილა გააწნა და სამუდამოდ დაემშვიდობა. შემდგომ ურთიერთობა განაგრძეს, მაგრამ ნდობა უკვე აღარ იყო. საინტერესოა ისიც, რომ მოგვიანებით მართლა ასე მომხდარა. ყოფილმა საცოლემ, რუსეთიდან გაქცევაზე მათი საერთო მეგობარი, იმ დროისთვის ჯერ მხოლოდ რუსეთში ცნობილი რუდოლფ ნურიევი დაითანხმა და მის საფრანგეთში დარჩენას ხელი შეუწყო. თავად კი პარიზში პაბლოსთან დაახლოვდა. ასე დამთავრდა მორისის პირველი სიყვარული. პირველი სიყვარული ხომ ხშირად სევდიანად მთავრდება. თუმცა, თავად მამაჩემი ამ ისტორიას ბედნიერს უწოდებს, ვინაიდან რამდენიმე წელიწადში ვახტანგ ჭაბუკიანმა, როგორც ძალიან ნიჭიერი მოცეკვავე, თბილისის ოპერის თეატრში სამუშაოდ დაპატიჟა. იქ დამწყები მომღერალი ლამარა ჭყონია გაიცნო, რომელიც ცოტა ხანში, დიდი ძალისხმევით კიევის თეატრში წაიყვანა. სწორედ იქ დაიწყო დედას ტრიუმფალური კარიერა და მათი ახალი ცხოვრების თავგადასავალი, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. დედა მისი მეორე და ბოლო სიყვარული აღმოჩნდა, ხოლო მათი ერთადერთი საერთო ქალიშვილი ეთერი, ანუ მე, როგორც თავად ამბობს, მომავალ პრიმადონად გამოზარდა. მართლაც, მე ალბათ ვერასდროს მივაღწევდი ჩემს წარმატებებს, მამის ფანატიური რწმენა რომ არა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მან თავისი საქმეც მოასწრო. სანქტ-პეტერბურგში მარინის თეატრის, შემდეგ კიევის თეატრის და ბოლოს თბილისის თეატრის ძალზე წარმატებული, წამყვანი სოლისტი იყო. თბილისში, მრავალი წლის მანძილზე. აგრეთვე მოღვაწეობდა როგორც ქორეოგრაფი-პედაგოგი. მოგვიანებით თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასის დირექტორი, ხელმძღვანელი და საქართველოს დამსახურებული არტისტი გახდა. დღეს 85 წელს მიღწეული პენსიონერია და თავს იღბლიანად გრძნობს. მადლობა ღმერთს და… პაბლო პიკასოს.“