ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია კრაკოვსა და კატოვიცეში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო კლასიკური მეთოდით და ქვევრში, ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები, მათ შორის, ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე.
„დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია.“ – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.