„ვალენსია“ მამარდაშვილის ტრანსფერის გამოსასყიდად მზადაა

პოპულარული გამოცემა „დიარიო ასის“ მტკიცებით, „ვალენსიას“ ხელმძღვანელობა გიორგი მამარდაშვილის თამაშით მოხიბლულია და მზადაა, ახლავე გამოისყიდოს „დინამო თბილისისგან“ ლა ლიგის ახალ სენსაციად მონათლული მეკარის ტრანსფერი. ინფორმაციას 1 არხი ავრცელებს.

„ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ გამართულ ლა ლიგის პირველ შეხვედრაში გულგრილი არავინ დატოვა. ქართველმა მეკარემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა ივნისში, როდესაც „ვალენსიამ“ სარეზერვო გუნდში სათამაშოდ მიიწვია. ბორდალასმა (მწვრთნელმა) მას კარი მიანდო, სანამ სილესენი გამოჯანმრთელდება. „ვალენსიას“ მწვრთნელის ეს ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. გასაკვირი არ არის, რომ „ვალენსია“ განიხილავს ვარიანტს, რომ გიორგისთან ახალი კონტრაქტი საზაფხულო „ფანჯრის“ ბოლომდე გააფორმოს“ – ამტკიცებს „დიარიო ასი“.

20 წლის მეკარის სატრანსფერო უფლება დღემდე „დინამო თბილისს“ ეკუთვნის, რომელმაც „ლოკომოტივში“ საიჯარო ხელშეკრულებით გაუშვა.

შეთანხმების მიხედვით, გიორგის „ვალენსიაში“ ნახევარ წლიანი იჯარით უნდა ეთამაშა, რაშიც „დინამო თბილისი“ თანხას მიიღებს. მაგრამ ესპანელებმა კონტრაქტში ტრანსფერის სრული გამოსყიდვის პირობაც შეიტანეს.