23 ივლისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ფონდის, “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლის, „გაკვეთილები საზღვრების გარეშეს“ ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდების, ფონდის უფლებამოსილი წარმომადგენლებისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, „კალიგრაფია საზღვრების გარეშეს“ პროექტში ჩართული ქართველი მოზარდების შეხვედრა.
ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, რომელმაც ისაუბრა ღონისძების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა თანაორგანიზატორს, ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტს, თიკა სვანიძე-ვენკოს თანამშრომლობისათვის.
ფონდის პრეზიდენტმა ონლაინსკოლის პროექტის მონაწილეებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და მადლობის სიგელები გადასცა კალიგრაფებს ლეილა ბაღბაიას და ნინი იკაშვილს. ასევე, მადლობის სიგელით დააჯილდოვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური და ონლაინკურსის „ვისწავლოთ ქართული ენის“ პედაგოგი ნინო კაკაჩია.
საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს: მეუფე დოსითეოსმა, ბელგიისა და ჰოლანდიის ეკლესიის მღვდელმთავარმა, აფხაზეთის სულიერების ცენტრის წარმომადგენელმა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის პროტოდიაკვანმა, მამა მირიანმა (სხირტლაძე), ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ვაჟა შუბითიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდის, უფლებამოსილი წარმომადგენლები გერმანიიდან ნათია ნინიძე და ხატია ფოფხაძე; ირლანდიიდან – ეკა ფეიქრიშვილი და ქეთი ჯიღაური, შვეიცარიიდან – ლიკა ყავლაშვილი, თურქეთის რესპუბლიკიდან – სელამი გუმუში.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით სტუმრებმა მოინახულეს ცენტრის რესტავრაციის ლაბორატორია, სადაც თავად ჰქონდათ საშუალება რესტავრაციის პროცესის სიმულაციის თანამონაწილენი გამხდარიყვნენ. გარდა ამისა ჩაერთნენ კალიგრაფიის ვორქშოფში, რომელსაც უძღვებოდნენ კალიგრაფები: ლეილა ბაღბაია, ნინი იკაშვილი და სელამი გუმუში (თურქეთი), რომელიც ასევე გახლავთ ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი თურქეთის რესპუბლიკაში.
პროგრამა ასევე მოიცავდა უნიკალური ხელნაწერების ექსპოზიციის დათვალიერებასა და 3D ანიმაციის გაცნობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია. რესურსცენტრთან პარტნიორობით და ფონდის პრეზიდენტის თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივითა და პატრონაჟით, წარმატებით დასრულდა კალიგრაფიის ონლაინკურსი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდებისთვის, რომელიც პროექტის „კალიგრაფია საზღვრების გარეშე“ ფარგლებში ხორციელდებოდა. მონაწილე ახალგაზრდებს გადაეცათ კალიგრაფიული ონლაინკურის წარმატებით დასრულების სერთიფიკატები.