„მეტი დეველოპმენტსა“ და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, სწავლის პარალელურად, პრაქტიკას გაივლიან სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტში“.
კომპანიის დამფუძნებლის, პაპუნა ხაზალიას განცხადებით, „მეტი დეველოპმენტისთვის“ ახალგაზრდების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.
„მეტი დეველოპმენტი“ მხარს უჭერს განათლების განვითარებას და ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებას. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი სასარგებლო და საინტერესო ღონისძიება განხორციელდება,“ – აღნიშნა პაპუნა ხაზალიამ.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელის, გიორგი წანაწყენიშვილის თქმით, არქიტექტორის პროფესია პრაქტიკის გარეშე არ არსებობს, ამიტომ სტუდენტების „მეტი დეველოპმენტში“ სტაჟირება მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნლოვანი ფაქტორი იქნება.
„ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მემორანდუმის გაფორმება ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც არის „მეტი დეველოპმენტი“. ჩვენი უნივერსიტეტი არის საერთაშორისო ინგლისურ ენაზე არქიტექტურის პროგრამის მქონე უნივერსიტეტი. ეს არის პირველი უნიკალური შემთხვევა, როდესაც სტუნდეტს აქვს უშუალოდ ინგლისურ ენაზე სწავლის და ბაკალავრის დიპლომის აღების საშუალება. მოგეხსენებათ, არქიტექტურის პროფესია პრაქტიკული ჩართულობის გარეშე არ არსებობს. თანაც, მით უმეტეს, ისეთი მნიშვნელოვანი და დიდი ორგანიზაციის შემთხვევაში, როგორიც „მეტი დეველოპმენტია“. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების „მეტი დეველოპმენტში“ მივლინება ახალგაზრდების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს,“ – განაცხადა გიორგი წანაწყენიშვილმა.