ცნობილი ჟურნალისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტისა და მთარგმნელის, სულეიმან სულეიმანოვის ცხოვრებაზე წიგნის გამოცემა იგეგმება, ამის შესახებ ონლაინ-კონფერენციაზე ითქვა, რომელიც სულეიმან სულეიმანოვის ხსოვნას მიეძღვნა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, ქართველმა და აზერბაიჯანელმა ცნობილმა ადამიანებმა, სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებმა, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის თემების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.
ონლაინ-კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ ცნობილი ჟურნალისტის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები.
კონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა სულეიმან სულეიმანოვის ღვაწლი. გამოჩენილი ჟურნალისტი 100 წლიანი აზერბაიჯანულენოვანი გაზეთის, “გურჯისტანის” მთავარი რედაქტორი 42 წლის განმავლობაში იყო.
მინიჭებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს წევრისა და საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 1997 წელს გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი.
ცნობილი ჟურნალისტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ონლაინ-კონფერენცია საქართველოს ქალთა საბჭოს ინიციატივით ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, გაზეთი “გურჯისტანი”, აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი საქართველოში და აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა კავშირი საქართველოში.
წყარო: report.ge