15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დადებას პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას.
ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდის დადიანების სასახლის კედლებში ესვენა. საბჭოთა დიქტატურის მარცხის შემდეგ ეს ამბავი პირველად საზოგადოებას აუწყა საგანძურის მცველმა ლილი ბერაიამ.
არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ სიწმიდის საქართველოში მოხვედრის შესახებ: ერთი ვარაუდით, ის მე-15 საუკუნის დასაწყისშია ჩამოტანილი იერუსალიმიდან.
ვახუშტი ბატონიშვილი მწირ ინფორმაციას გვაწვდის აღნიშნულ საკითხზე: „…ხოფის ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა სასწაულ მოქმედი…“
არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობის შესახებ, მაგრამ ვის მიერ ან როდის იქნა ჩამოტანილი, ამაზე არაფერს ამბობს. აღნიშნავს, რომ ხობის მონასტერში „აჩვენებდნენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ“.
სიწმიდეთა შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, რომელმაც ღვთისმშობლის კვართი ნახა მე-17 საუკუნეში. მან და მისმა მხლებლებმა სიწმინდეს თაყვანი სცეს და შემდგომ მის თარგზე აჭრეს ახალი კვართი და წაასვენეს თავიანთ სამშობლოში.
თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში ჯუზეპე მარია ძამპი რომში გაგზავნილ ერთ-ერთ მოხსენებაში აღწერს ხობი მონასტერში დაცულ სიწმინდეებს: „ამ ხალხს ბევრი რელიქვია აქვს, რომლებიც მათ, პირველ ყოვლისა, მიიღეს იმ დროს, როცა აქ, საქართველოში, ქრისტიანობა ჰყვაოდა და მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინეპოლის იმპერატორებთან, რომლებიც მათ ბევრ რელიქვიას უგზავნიდნენ საჩუქრად. შემდეგ ეს რელიქვიები მიიღეს აგრეთვე ამავე ქალაქის სასულიერო პირთაგან, რომლებიც ცდილობდნენ, ეს ხალხი ღვთისმოსაობაში განემტკიცებინათ. დაბოლოს, რელიქვიები მიიღეს იმ წმინდა მამათაგან, რომელნიც თურქეთის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ მაჰმადიანთა ტირანიისაგან თავის დასაღწევად სამეგრელოში გადაიხვეწნენ და გაიფანტნენ მეზობელ ქვეყნებში. ამბობენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდა ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანა ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა (ფრანგული ფუტის რვა დიუმზე რამდენადმე დიდი) და კვართი, რომელიც, მათი თქმით, ღვთისმშობელს ეკუთვნოდა; ჩვენს პატრებს უნახავთ ტილო, რომლისაგანაც იგი არის შეკერილი, ყვითელი ფერისაა, აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნემსით. სიგრძით იგი რვა რომაული მტკაველის ოდენაა, განით კი – ოთხისა, აქვს ერთი მტკაველის სიგრძის მოკლე მკლავები და ვიწყო საყელო. მეც მინახავს იგი ხობის ეკლესიაში, სადაც ის ინახება“.
საყურადღებოა ცნობა, დაცული საანგარიშო მოხსენებაში რუსი ელჩების, ალექსი იევლევისა და ნიკოფორე ტოლჩანოვისა, რომლებიც იმერეთის სამეფო კარზე იმყოფებოდნენ 1650-1652 წლებში. მათ ბერებმა, რომლებიც ათონის მონასტრიდან იყვნენ გამოგზავნილი, უამბეს, რომ სადადიანოში, ხობის მონასტერში ყოფნისას, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და მარმარილოს ქვის საყდარია, საბერძნეთის მეფის, ჰერაკლეს მიერ აგებული ძველი დროიდანვე, ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის კვართიაო დაცული, რომელიც კონსტანტინეპოლიდან ჩამოუტანია ერთ წიგნების მცველს მაშინ, როდესაც თეოფილე მეფის დროს წმინდა ხატების დევნა მიმდინარეობდა საბერძნეთში. ღვთისმშობლის კვართი ვერცხლის კიდობანში ყოფილა დაცული და საყდრის საკურთხეველთან დადგმული, მთავრის, ლევან დადიანის და კათალიკოსის ბეჭდით დალუქული.
ბევრს ცდილობდნენ რუსი დიპლომატები – ალექსი იევლევი, ფედოტი ელჩინი, პავლე ზახარევი, თვით ივანე მრისხანეც, რომ კვართი სამეგრელოდან რამენაირად გაეტანათ. რუს ელჩებს პირდაპირი მითითებები ჰქონდათ, ყველა ღონე ეხმარათ, მაგრამ სიწმინდის გატანა ვერ შესძლეს.
ალექსი იევლევი აღნიშნავს, რომ მან ღვთისმშობლის კვართის შესახებ ჰკითხა ზაქარია მიტროპოლიტს, უნახავს თუ არა მას ნამდვილად ღვთისმშობლის კვართი. მიტროპოლიტს თურმე მრავალჯერ უნახავს და აღუნიშნავს, რომ იგი წიგნების მცველის მიერ ყოფილა მოტანილი იმ დროს, როცა წმინდა ხატები დევნას განიცდიდნენ საბერძნეთში. „ის ნამდვილად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართიაო და სნეულის განკურნებაც მისგან ყოფილაო“. თურმე ამ სიწმინდეებთან ერთად აქ ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილი და სხვა წმინდანთა ნაწილებიც.
ასევე საინტერესოა იტალიელი მისიონერის, დონ კრისტოფორე დე კასტელის ცნობა. იგი აღნიშნავს: „…უფლის დიდი დედა ხოფის მონასტერშია, სადაც ბერძნებმა მოიტანეს (სარკინოზების მიერ) კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ“.
ექვთიმე თაყაიშვილი თავის არქეოლოგიურ მოგზაურობაში ხობის ეკლესიაში დაცულ საგანძურთა შორის აღწერს სანაწილე კოლოფს, რომელშიც ინახებოდა ღვთისმშობლის კვართი და სხვა ნაწილები. იგი აღნიშნავს, რომ „წარწერა ეკუთვნის დიდ ლევან დადიანს, მისი მეუღლე ნესტან-დარეჯან ჭილაძის ასული გარდაიცვალა 1639 წელს. მაშასადამე, წარწერა გაკეთებულია 1639-1657 წლებში“.
ცხადია, რომ ზემოთ მოტანილი ცნობები, რომლებიც რუს ელჩებს ადგილობრივმა ინფორმატორებმა მიაწოდეს, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორ ვერსიას გვაწვდიან: პირველის თანახმად, ის ჩამოიტანეს მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან; მეორეს მიხედვით, კვართი ჩვენში ჩამოტანილ იქნა მე-15 საუკუნეში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ. თუ რომელი მოსაზრებაა სწორი, ამას შემდგომი კვლევა წარმოაჩენს.
საქართველოშია ღვთისმშობლის კვართის სარტყელის შუა ნაწილიც, რომელზეც წმინდა მარიამის ხელითაა ამოქარგული მისივე გამოსახულება. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, იგი ბაგრატ მესამის მეუღლემ, ელენემ წამოიღო ბიზანტიიდან და ბედიის მონასტერში დაასვენა. შემეგ ის დადიანების სასახლეში აღმოჩნდა, საიდანაც ხობის მონასტერში გადაუტანიათ…
ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. პირველი სასწაული 632 წელს არის დაფიქსირებული. ცნობილია, რომ მან ორჯერ გადაარჩინა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინეპოლი სარაცინელთა და ეგვიპტელთა შემოსევების დროს. ერთხელ, სარაცინელებს სახელგანთქმული სარდლის მოავიას მეთაურობით 6 დღე ჰქონდათ ალყაში მოქცეული კონსტანტინეპოლი. პატრიარქმა ფოტიმ კვართი გამოიტანა და ზღვას შეახო, ხომალდები აღელვებულმა ტალღებმა შთანთქა.
ერთი სასწაული საქართველოში 1891 წელს დაფიქსირდა. ყაჩაღებმა ხობის მონასტრიდან კვართი გაიტაცეს. ისტორიულ წყაროებში წერია, რომ საძებნად მთელი ხობი და სამეგრელო ფეხზე დამდგარა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, 3 დღის შემდეგ, უეცრად კვართი ცისკრის ვარსკვლავით განათებულ ადგილას იპოვეს. სიწმინდე მონასტერში დააბრუნეს.
ზუსტად 2000 წლის მიჯნაზე ახალი სასწაული მოხდა. კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივიდან გახდა შესაძლებელი. ის სტუდია „მემატიანის“ ოპერატორებმა – გურამ როგავამ და დავით ასათიანმა აღმოაჩინეს. ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის სამი ხელთუქმნელი გამოსახულება აქვს: ერთი – პირსახოცზე, სახეზე დაფარებისას აღბეჭდილი გამოსახულება, მეორე – ტურინის სუდარისეული და მესამე – ზუგდიდის კვართზე გამოჩენილი ხატი. სამოსელზე იესოს გამოსახულება ადამიანის ხელით შექმნილი რომ ყოფილიყო, ის შეუიარაღებელი თვალისთვისაც შესამჩნევი გახდებოდა.დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა ვლაქერნას.
წყარო: ამბიონი