თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, ირაკლი ლომიძე იულიხის კვლევით ცენტრში (გერმანია) ექსპერიმენტატორ მეცნიერად განაგრძობს საქმიანობას.
ირაკლიმ ფიზიკის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა ავტომატიზებული მართვის სისტემების მიმართულებით. გერმანიაში ის სწორედ სამაგისტროს თეზისის დასაწერად გაემგზავრა და 6 თვის განმავლობაში იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ექსპერიმენტში იქნება ჩართული.
„კვლევის მთავარი მიზანია დეიტრონის ელექტრული დიპოლური მომენტის პირველი ექსპერიმენტული გაზომვა. ამ უკანასკნელის საშუალებით კი შესაძლოა ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა ახალ ეტაპზე გადავიდეს. აქედან კი, მაგალითად, გავიგოთ ის მიზეზები თუ რატომ დომინირებს სამყაროში მატერია ანტიმატერიაზე.
ირაკლიმ თავდაპირველად უშუალოდ ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, სადაც პროტონებისა და დეიტრონების სინქროტრონულ ამაჩქარებელ COSY-ზე ხდებოდა პოლარიზებული დეიტრონის ნაკადის დაგროვება, ნაკადის პოლარიზაციის ვექტორზე მანიპულირება და პარალელურად მუდმივად ნაკადის პოლარიზების გაზომვა. ეს გრძელდებოდა 8 კვირა და იყო დამაგვირგვინებელი ექსპერიმენტი დეიტრონისთვის.
ირაკლის მთავარი ამოცანაა დეტექტორიდან აღებული მონაცემების კალიბრების ავტომატური პროცედურის შემუშავება. მათი შედარება დეტექტორის სიმულაციის შედეგებთან და სამომავლო ექსპერიმენტისთვის რეალურ დროში კალიბრების პროგრამის დაწერა.“ – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლის კვლევით საქმიანობას სრულად აფინანსებენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და იულიხის კვლევითი ცენტრი.