ცოტა ხნის წინ ბავშვების საყვარელი არდადეგები დაიწყო. თავისუფლება, რომელსაც მთელი 9 თვე ელოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშობელმა იცის, რომ ამ პერიოდში მათი ჩვეული რეჟიმი ირღვევა, საინტერესოა რამდენად მომზადებული ხვდებიან ისინი ამ თავისუფლებას. დღევანდელი საუბრის თემაც სწორედ ეს გახლავთ – როგორ გავატაროთ ზაფხული ბავშვებთან ერთად, რა გავითვალისწინოთ და რა ახალი უნარ – ჩვევები შევიძინოთ იმისთვის, რომ კარგად დავისვენოთ. კონსულტაციას კი ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი და არტთერაპევტი, ქალბატონი თინათინ ზენაიშვილი გაგვიწევს.
–ბავშვებისთვის არდადეგები ახალი თავგადასავლების დროა, ისინი გონებაში წინასწარ ემზადებიან მოგზაურობისა და ახალი ნაცნობობისთვის. მშობელიც უნდა მოემზადოს ამ პერიოდისთვის?
-რა თქმა უნდა, ამისათვის გარკვეული ფსიქოლოგიური მზაობაა საჭირო, როგორს მშობლების, ისე შვილების მხრიდან. კარგად დაგეგმილი არდადეგები, მკაფიოდ გადანაწილებული რუტინა და ბევრი დადებითი ემოცია ქმნის პოზიტიურ დასვენებას.
მშობელს უჩნდება ახალი საფიქრალი და საზრუნავი, როგორ შეარჩიოს გარემო, სადაც მაქსიმალურად მოახერხებს დასვენებას და ძალების აღდგენას როგორც თვითონ, ისე ბავშვი. საყურადღებოა ის გარემოება, რომ უფროსებს ხმაურიანი და აქტიური გარემოსგან მოშორების სურვილი გვაქვს, ბავშვებს კი პირიქით, ხმაური და აქტიურობა ართობთ. მშობელს აქვს მოლოდინი, რომ შეძლებს და “დაისვენებს”, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ფრუსტრირებული რჩება, რაც, არცთუ იშვიათად, ოჯახური კონფლიქტების საბაბი ხდება.
–რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ კონფლიქტი და სხვა უსიამოვნო სიურპრიზი თავიდან აიცილოს და ზაფხული სასიამოვნოდ გაატაროს?
-დასვენების დაგეგმვამდე მნიშვნელოვანია მშობელმა პედიატრთან გაიაროს კონსულტაცია, რათა ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სწორად შეარჩიოს კურორტი, იცოდეს იმ აუცილებელი მედიკამენტების ჩამონათვალი, რაც თან უნდა იქონიოს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი, ეს შეცვლილ ჰავასთან შეგუების, ე.წ. აკლიმატიზაციის ფაქტორი გახლავთ. ის სხვადასხვაგვარად იჩენს ხოლმე თავს, თუმცა ძირითადი ნიშნები ერთნაირია – ჭირვეულობა, მოუსვენრობა, უმადობა, უძილობა. ამ ნიშნების ცოდნა მოულოდნელ უსიამოვნებასა და გაუგებრობას აარიდებს მშობელს, თუ ყოველ გამოვლინებას გაგებით მოეკიდება.(მაგ. კვება მხოლოდ მადის მიხედვით და არა ძალდატანებით. დასაშვებია ძილის რეჟიმშიც გარკვეული ცვლილებების შეტანა და ა.შ.)
უმჯობესია თუ ოჯახის წევრები შეთანხმებულად აირჩევენ დასასვენებელ ადგილს, შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს და საჭიროებას, ერთობლივად მოიფიქრებენ აქტივობებს, რაც საშუალებას მისცემთ დრო ეფექტურად, საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარონ. ასეთ შემთხვევაში დაცული იქნებიან მოულოდნელი გაუგებრობებისგან და ურთიერთ ბრალდებებისგან.
–უფრო კონკრეტულად რას ურჩევდით?
-მინდა რამდენიმე რჩევა მივცე აქტივობებთან დაკავშირებით.
- წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია იმ კუთხის შესახებ, სადაც გადაწყვეტთ დასვენებას;
- მოინიშნეთ რა ადგილების მონახულება შეგიძლიათ;
- მოაწყვეთ პიკნიკები, ლაშქრობები, შეეცადეთ ერთი ღამე მაინც გაატაროთ ერთად კარავში;
- დააგემოვნეთ ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძი, კარგი იქნება თუ ერთადაც მოამზადებთ ამ კერძს;
- სთხოვეთ ბავშვებს ჩაინიშნონ ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კუთხური გამონათქვამები;
- დააკვირდნენ ბუნებას – როდის თენდება, როგორ იცვლება ამინდი, შეაგროვონ ლამაზი მცენარეები;
- ერთმანეთს აუცილებლად გაუზიარეთ შთაბეჭდილებები.
და ბოლოს, დასვენება კარგია, როცა ბავშვს არ ზღუდავ, არ ახსენებ “ვალდებულებებს”, მაქსიმალურად თავისუფალია იძულებისგან – უნდა წაიკითხო, უნდა დაწერო, უნდა დაიძინო, უნდა ჭამო… როცა მას შეუძლია იყოს ლაღი, ბედნიერი, ბავშვური. როცა სავსეა დადებითი ემოციებითა და განწყობებით. ასეთ დროს ყველა მშვიდდება და სასიამოვნოდ ატარებენ ზაფხულს.
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ..