ქართული საკვირაო სკოლებისთვის ვებ-გვერდი შეიქმნა

ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტის თიკა სვანიძე ვენკოსა და საბავშვო არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძვანელის ვახტანგ ჯინჯიხაძის ერთობლივი ინიციატივით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ქართული საკვირაო სკოლებისთვის, მათი ცნობადობის გაზრდის მიზნით, სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა.

სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისთვის ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებაში ლომის წვლილი სწორედ, რომ საკვირაო სკოლებს მიუძღვით. დღესდღეობით არსებული მდგომარეობით, საკმაოდ მწირია ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ქართველებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი როლის მქონე საკვირაო სკოლების შესახებ.

სწორედ ამიტომ პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლის პლატფორმაზე www.diaspora.edu.ge/ka  შეიქმნა საკვირაო სკოლების მიმართულება, www.sundayschools.diaspora.edu.ge, რომელიც ქართული საკვირაო სკოლების ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს, ამასთან სკოლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება მეტად გამარტივდება.

საკვირო სკოლებისთვის შექმნილი განსაკუთრებული და ინოვაციური პლათფორმის პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ საკვირაო სკოლებს ეძლევათ შესაძლებლობა  ჰქონდეთ მათი პერსონალური ვებ-გვერდი,  რომლის მართვასაც თავისუფლად და დამოუკიდებლად თავადვე შეძლებენ ატვირთონ სიახლეები, გააზიარონ ინფორმაცია სკოლის დაფუძნების, მოსწავლეების, აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ. შესაძლებელია განთავსდეს, როგორც ფოტო, ვიდეო  ისე ტექსტუალურ კონტენტი.

„პირველი საერთშორისო დიასპორული ონლაინსკოლის პლატფორმაზე შექმნილი საკვირაო სკოლების მიმართულება გვაძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მოვაქციოთ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაფანტული საკვირაო სკოლები. ჩვენთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ინფორმაციები მათი აქტივობების, მოსწავლეთა საერთო რაოდენობის, კონკურსების, საგაკვეთილო პროცესისა და სასწავლო დისციპლინების შესახებ,“ – ამბობს თიკა სვანიძე ვენკო, ფონდის დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის პრეზიდენტი.