“მუსიკოსთა პარკი” სალომე დე ბაიას უმასპინძლებს

“მუსიკოსთა პარკის” ღონისძიებების სერიას სალომე დე ბაია საკარნავალო განწყობით გახსნის – 7 აგვისტოს, ბრაზილიელი მომღერალი, თავის მოცეკვავეებთან ერთად, მსმენელს ბოსა ნოვას, სალსასა და სამბას ენერგეტიკას გაუზიარებს.

„ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებისა და სამხრეთამერიკული ტემპერამენტის სინთეზის დამსახურებით, სალომე დე ბაია -ს შემოქმედება ერთნაირად იზიდავს სხვადასხვა ასაკისა თუ გემოვნების აუდიტორიას. შესრულების ენერგიული და ეგზოტიკური სტილი კი მის კონცერტებს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე დე ბაია-მ აქტიური შემოქმედებითი კარიერა 80-იანი წლების პარიზულ კაბარეში დაიწყო, მისი პირველი წარმატება 2000 წელს გამოცემულ საცეკვაო კომპოზიციას – Tourment d’Amour – უკავშირდება. მოცეკვავეებთან ერთად ის რიგით საკონცერტო ღონისძიებას ნამდვილ საკარნავალო დღესასწაულად აქცევს, სადაც საფესტივალო განწყობის შექმნაში როგორც მუსიკოსი, ასევე აუდიტორიაც აქტიურად არის ჩართული. 7 აგვისტოს „მუსიკოსთა პარკი“ ზუსტად ამ განწყობას გპირდებათ.

„მუსიკოსთა პარკი“ 2016 წელს შეკვეთილში, Black Sea Arena-ს მიმდებარედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით გაიხსნა. პარკში შეხვდებით ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ხმოვან ძეგლებს, 21 ჰექტარზე გაშენებულ ასწლოვან ხეებს, მოსასვენებელ სივრცეებსა და 3 ღია სცენას. “მუსიკოსთა პარკი” მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც რეკრეაციული დანიშნულების გარდა, საგანმანათლებლო და სახელოვნებო აქტივობებისთვის საინტერესო პლატფორმას წარმოადგენს. პარკის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

დასწრება თავისუფალია.