3 ივლისს, 11:00-დან 18:00-მდე, მთაწმინდის პარკში ფესტივალი „ღვინის სოფელი“ გაიმართება.
„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ერთი წლის მანძილზე ახორციელებდა საგანმანათლებლო პროექტს მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანი იყო და ამჯერად იგი იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავდა.
პროექტი გულისხმობდა ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.
ფესტივალი „ღვინის სოფლის“ მთავარი იდეა რეგიონებში ღვინის ტურიზმის განვითარება, ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
ამჯერად ფესტივალზე პროექტის ფარგლებიდან წარმოდგენილი იქნება იმერული რაჭული და ლეჩხუმური ღვინოები. ის მარნები, რომლებიც საბოლოოდ შეირჩა ღვინის სოფლის პროექტში.
ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა.