მე საქართველოში გული დავტოვე… და გულზე დავიდე ხელი… თავი დახარეს, არ ინერვიულო, მალე ყველაფერი მოგვარდებაო, ვიცი, რომ შენი გული იქააო, – მეუბნება ბებია და მე აცრემლებული თვალებს ვხრი რომ არ შემამჩნიონ….“ ქართველი ემიგრანტის, თეონა ჭანტურია წერილი იტალიიდან – „უგულოდ“
“_თუ შეიძლება, ჩემი მეგობარია სამუშაოს გარეშე და მინდა დავეხმარო, თუ ვინმეს სჭირდება დამხმარე გაითვალისწინეთ, ამას დამტვრეული იტალიურით ვუხსნი სტუმრად მოსულ ბებო – ბაბუს შვილსა და რძალს.
_ კარგი, მექნება მხედველობაში – მპასუხობენ და ინტერესდებიან აქვს თუ არა საბუთები, მე ვუხსნი საბუთებისა და ენის გარეშეათქო, ჩაეღიმა შვილს, მიხვდა რასაც ვუხსნიდი, თუმცა, მაინც დამისვა ღიმილით შემდეგი კითხვა: ენა საქართველოში დატოვა შენმა მეგობარმაო? ატყდა ხარხარი… არათქო და ვიწყებ ახსნას, რომ არ იცის არცერთი სიტყვა იტალიური … მივხვდითო და ბეჭზე ხელს მადებს რძალი, შენ რა დატოვე საქართველოშიო, მეკითხება შვილი?
მე ვჩუმდები და გაბზარული ხმით ვპასუხობ: მე საქართველოში გული დავტოვე… და გულზე დავიდე ხელი… თავი დახარეს, არ ინერვიულო, მალე ყველაფერი მოგვარდებაო, ვიცი, რომ შენი გული იქააო, – მეუბნება ბებია და მე აცრემლებული თვალებს ვხრი რომ არ შემამჩნიონ….
და განა ვინ იცის უფლის გარდა ეს მალე როდის იქნება, ვაწყობთ გეგმებს, ვალაგებთ სეზონურ ტანსაცმელს ჩანთაში, ვაგზავნით იმ იმედით, რომ მომდევნო სეზონზე სახლში, საქართველოში ჩავიცვამთ და ასე გადის წლები…
ტანსაცმელს ვიყიდით, დასახულ მიზანსაც შევასრულებთ, მაგრამ საქმე ისაა, გულს რას ვუზამთ, როდის დავიბრუნებთ, ჩვენ ხომ ცარიელი გულით დავდივართ… იქ, საქართველოშია ჩვენი გული, სული და სიცოცხლე…
თეონა ჭანტურია 2021 წელი“