„ტიგრან გულოიანის“ ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო – იმ ტიგრანასი, ნოდარ დუმბაძემ რომ მთელ საქართველოს შეაყვარა.თურმე, ლეგენდად ქცეული პერსონაჟი რეალური ადამიანი ყოფილა და სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რუსთავში ცხოვრობდა.
რეალური სახელი – არტუშ გრიგორიანია.
ახალგაზრდობაში გაჭირვებამ ქურდობა დააწყებინა, მერე ციხეში მოხვდა, ერთხელ, ორჯერ და ისტორიაც დაიწყო… ტიგრან გულოიანი მაშინ დაირქვა, ციხიდან გაქცეული თეთრიწყაროში რომ იმალებოდა.
მილიციელი „შემოაკვდა“. წესით, უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ გიჟის ბილეთი გაუკეთეს და დახვრეტის ნაცვლად პატიმრობაში აღმოჩნდა. შემდეგი ნასამართლობა უკვე „თეთრ ბაირაღებში“ მოთხრობილი ამბავის გამოა, თონეთელი მეტყევე მოკლა, გლეხებს შეშას რად არ აძლევო…
სწორედ ციხეში შეხვდა ნოდარ დუმბაძეს, სხვა პერსონაჟების რეალურ პროტოტიპებთან ერთად და ლეგენდარული რომანიც დაიბადა.
დიდი ხნის მერე, საჩუქრით, საკუთარი ხელით გაკეთებული „ვეფხისტყაოსნის“ გმირების ფიგურებით,
ნოდარ დუმბაძეს საავადმყოფოში მიაკითხა.
კარის ქალმა შეშვებაზე უარი განუცხადა, ერთსაათიანი ხვეწნა-მუდარის და ძიძგილაობის შემდეგ
ნოდარიმდე ვიღაცამ ამბავი მიიტანა, ერთი გაბურძგნული გიჟია მოსული, შენს ნახვას თხოულობს და იძახის, ტიგრანა ვარ, გულოიანიო.
გადარეულა დუმბაძე, ახლავე შემოუშვითო.
უკანასკნელად სწორედ იმ დღეს შეხვდნენ ერთმანეთს ტიგრან გულოიანი და ზაზა ნაკაშიძე,
ტიგრანა მალევე გადაასახლეს, ზაზა ნაკაშიძე შემდეგ ამბავში უკვე ბაჩანა რამიშვილად იქცა…
გადასახლებიდან დაბრუნებული გულოიანი გაჭირვებულად ცხოვრობდა და 2002 წელს გარდაიცვალა.
წყარო: ისტორია ფერებით – Colorized History