ჭაბუა ამირეჯიბი და ევგენი პეტროვიჩ სეგედი – ერთი ფოტოს ისტორია და ჭაბუა ამირეჯიბის მოგონებები.
„ამ გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი მეთვრამეტე საუკუნეში ჩადგა რუსეთის არმიის სამსახურში ოფიცრის თანამდებობაზე, შემდეგ რუსეთის ტახტისგან მიიღო გრაფის წოდება.
მისი შთამომავალი, უნგრული წარმოშობის რუსი ოფიცერი, პორუჩიკი ევგენი პეტროვიჩი იბრძოდა შორეულ აღმოსავლეთში წითელი არმიის წინააღმდეგ. დამარცხების შემდეგ ჩინეთში გაიქცა. ხელობით მსახიობი იყო და შანხაის თეატრში იშოვა სამსახური.
1945 წელს ამნისტირებულ ემიგრანტებთან ერთად დაბრუნდა რუსეთში და ჩეკამ სხვა დაბრუნებულებთან ერთად დააპატიმრა, როგორც სამშობლოს მოღალატე – მიუსაჯეს 25 წელი სასჯელის ბანაკებში მოხდით.
მე შევხვდი მას მდინარე ლენას ნაპირებზე განლაგებულ ოსეტროვოს ბანაკში. დახვეწილი არისტოკრატი, განათლებული და მშვენიერი გარეგნობის კაცი იყო. მალე დავმეგობრდით და ერთხანს ერთად ვიხდიდით პატიმრობის ვადას.
მე სამ თვეზე მეტს არც ერთ ბანაკში არ მაჩერებდნენ მარბენლობის გამო – ბანაკის უფროსები თავიდან მიცილებდნენ. ლენაზეც ასე მოხდა, მაგრამ ჩემი და ევგენი პეტროვიჩის მეგობრობა ამით არ შეწყვეტილა – წერილებს ვწერდით ერთმანეთს.
როცა დავბრუნდი და წიგნზე მუშაობა დავიწყე, რატომღაც დავინახე, რომ კავკასიის ჟანდარმთა შეფი სახელდობრ ამ ევგენი პეტროვიჩ სეგედის ტიპის კაცი უნდა ყოფილიყო და ასეც მოვიქეცი – რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირის სახე ჩემი მეგობრის ძირითად თვისებებს დავამთხვიე. წიგნის წაკითხვის შემდეგ წერილი გამომიგზავნა, მსაყვედურობდა,– ჩემს წინაპართა შორის მაგ უწყებაში არავის უმსახურია და რას გვერჩიო. რა თქმა უნდა, საპასუხო წერილში განვუმარტე, რომ რომანს მისი თვისებების მქონე გმირი დასჭირდა და სხვა არაფერი-მეთქი.
სხვათაშორის, ტაშკენტის კინოსტუდიის რამდენიმე კინოფილმში დახვეწილი ინტელიგენტის როლი აქვს შესრულებული.
შუა აზიაში რომ მომიწია ყოფნა ტაშკენტშიც ჩავედი და ერთმანეთს სიხარულის ცრემლებით შევხვდით,– როგორ გვყვარებია ერთმანეთი!
ეს ფოტო ოსერტოვოშია გადაღებული 1955 წლის აგვისტოში. მეორე მხარეს ევგენი პეტროვიჩის გაკრული ხელით ეს სიტყვები აწერია:
Своим пером воспевшим Грузию,
Красавцу гор, её поэзию…
В неволе узнику – поэту!
Позволь добавить мне к портрету:
Писателю Амирэджиби,
Как память дружеских бесед
И наших творческих надежд…
От Евгения Сегеди.
Осетрово, Август, 1955г.
ფოტოზე პატიმრები: ჭაბუა ამირეჯიბი და შანხაის თეატრის მსახიობი ევგენი პეტროვიჩ სეგედი. დასავლეთ-ციმბირი. ნოვო-ჩუნკა. ოსეტროვოს ბანაკი.1955 წ.“
წყარო: ქუცნა ამირეჯიბი