ვიდეობლოგის სტუმარი ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველი პიანისტი ქეთევან ქართველიშვილია. მუსიკოსი თბილისის კონსერვატორიისა და ინდიანას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 2009 წელს, ამერიკის პრესტიჟულ სასწავლებელში სრული დაფინანსებით გაემგზავრა და მას შემდეგ ოკეანის გადაღმა, აქტიურ საკონკურსო და საკონცერტო ცხოვრებას ეწევა. იქ სწავლის პერიოდში, მიიღო Artist და Performer დიპლომები.
ქეთევანს მოპოვებული აქვს არაერთი პრემია პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე (მათ შორის William C.Byrd Young Artists-ის ფორტეპიანოს საერთაშორისო კონკურსში, რასაც მოჰყვა გამარჯვებები სიეტლში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოში. ის იყო ნომინანტი როგორც ბარტოკის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ლისტ-გარისონის საერთაშორისო კონკურსზე). ჰქონდა გამოსვლები როგორც სოლო, ისე სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად ამერიკის სხვადასხვა ქალაქებსა და შტატებში, ისეთ დარბაზებში, როგორიც არის „კარნეგი ჰოლი“, “Benaroya Hall”-ი და სხვა.
პანდემიის გამო ბევრი მნიშვნელოვანი კონცერტი ჩაეშალა, მაგრამ რთული პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა და რიგით მეორე კომპაქტდისკი ჩაწერა. ის გაყიდვაში სულ მალე ჩაეშვება. დისკი აერთიანებს რახმანინოვის შედევრებს.
,,რთული გზაა და ამ გზაზე მზად უნდა იყო გამოწვევებისთვის, დაუსრულებელი ბარიერების არ უნდა შეგეშინდეს… თუ გაქვს ნიჭი, გვერდით გყავს ძლიერი პედაგოგი, რომელიც ყველანაირად შეგიწყობს ხელს განვითარებაში და თუ სწორად იმუშავებ საკუთარ თავზე, სურვილები და ჩანაფიქრები ახდება. უნდა გჯეროდეს და შედეგი აუცილებლად მოვა…“ – ამბობს ინტერვიუში ქეთევანი.
როგორ იქცა ფიზიკოსების ოჯახში გაზრდილი გოგონა, წარმატებულ პიანისტად და როგორ გაიკვლია მაღალი კონკურენციის პირობებში, ამერიკის დიდ სცენაზე გზა – ნახეთ ვიდეობლოგი.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"