არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს. ფრენები აბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე განხორციელდება, რაც ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA ავრცელებს.
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 1 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), შემდეგი განრიგით შესრულდება:
- აბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბი – კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.
ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.“ – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 18 ივნისს მიენიჭა.
Air Arabia Abu Dhabi ავიაკომპანიების Etihad Airways-ის და Air Arabia-ს მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული სამგზავრო ავიაგადამზიდველია, რომელმაც დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წელს დაიწყო.