★ „თფილისის მოამბე“ გვაცნობებს, ვითომც თფილისის მთავარ პოლიციმეისტერს განკარგულება მოეხდინოს, რომ საროსკიპო სახლები ქალაქს გარეთ გადაიტანონ და შემდეგშიაც არავის არ მიეცემა უფლება, რომ ამ გვარი სახლები სადმე შუაგულ ქალაქში გახსნასო“, – „დროება“, 1879 წ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიაში, შესაბამისად, მეფის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოშიც, პროსტიტუცია ლეგალიზებული იყო, ტფილისში, შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს, ერთობ უჭირდათ ამ სფეროში შესაბამისი წესრიგისა და დაწესებული რეგულაციების დაცვა.
“მადათოვი” გთავაზობთ ძველ ქართულ პრესაში არსებულ მასალებს, რომლებიც ძველ თბილისში არსებულ „გარყვნილების საბუდრებს“, სხვადასხვა სასტუმროებში „დაბუდებულ არფიანკებს“ [არფის დამკვრელი ქალები] და „პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობის“ ფაქტებს უკავშირდება…
აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი ფრაზა, ან სიტყვა, რომელიც მკითხველმა არაპოლიტკორექტულად, ან შეურაცხმყოფლად შეიძლება მიიჩნიოს, მხოლოდ და მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ტერმინები და ფრაზებია. ჩვენ მიერ მათი უცვლელად გადმოტანა არავის შეურაცხყოფას არ ისახავს მიზნად.
ამბავი #1
★ „საზოგადოდ, ტფილისში არის ისეთი გარყვნილების საბუდრები, რომელთ გაგონებაც კაცს ყურებში თითს დააცობინებს.
სხვათა შორის, ერთი ამ უსაძაგლესთაგანი გარყვნილების ადგილი არის აბანოებთან სხვა-და-სხვა მიკიტან-ხანები და სამარცხვინო სახლები, რომელშიაც შესაზარი ცხოვრება გაძრიელებულა და მეტის-მეტად ცუდს მაგალითს აძლევს ხალხს.
ცუდი არ იქნებოდა, რომ განსაკუთრებითი ყურადღება მიექცია ქალაქს ამ ადგილებისთვის და თავიდგან აეცილებინა ეს გარყვნილობისა და ავაზაკების აღსაზრდელი სკოლა, რომლის შეგირდებიც შემდეგში იმდენს უსიამოვნებას თავსა გვხვევენ“, – გაზეთი „დროება“, 1882 წ.
ამბავი #2
★ „ღამე არ გავა, რომ რამდენიმე ჩხუბი, კაცის დაჭრა და უსიამოვნება არ მოხდეს იმ სასტუმროებში, სადაც კი არფიანკები და დამკვრელი ქალები არიან. საკვირველია ასეთი ყურადღების მიუქცევლობა ვისაგანაც ჯერ არს, მით უფრო, რომ ეს მუქთა-ხორაგი არფიანკები ჰყვლეფენ და აღატაკებენ ხალხს, რომელთაც ორიოდ სტაქნის დალევის შემდეგ, აღარ იციან რას შვრებიან,
მშიერ კაცს, რომ სასტუმროში პურის საჭმელად შესვლა უნდოდეს, ვერ გაუბედნია, რადგანაც ეშინიან ერთის მხრით გაცარცვისა და მეორეს მხრით რომელიმე ხათაბალისა“, – გაზეთი „დროება“, 1883 წ.
ამბავი #3
★ “მომღერალი და დამკვრელი ქალების სასტუმროებში ყოფნა, რასაკვირველია, მავნებელია, რადგანაც თავ-შეუკავებელს და რბილი ხასიათის ხალხს თითქმის სცარცვენ და ჩქარ-ჩქარა ხდება იმათ მიზეზით ჩხუბები და უსიამოვნება;
დიდის სიამოვნებით გავიგონებდით, რომ ამ გვარი დროს გატარება მოსპობილიყო სასტუმროებში, მაგრამ ეს კიდევ საბუთი არ არის, რომ ერთგან აღუკრძალონ. ეს ის იქნებოდა, რომ ერთისთვის დიდი ზარალი მიეცათ და მეორე გაემდიდრებინათ, რადგანაც ამ გვარ ქეიფს შეჩვეულნი პირველ სასტუმროს თავ დაანებებენ და დაიწყებენ სიარულს იქ, სადაც სიმღერის ხმას გაიგონებენ.
სწორედ ასეთი საქმე შეემთხვათ სასტუმრო „საქართველოს“ პატრონებს. იქ აღუკრძალეს არფიანკებს დაკვრა და სხვაგან-კი არა“, – გაზეთი „დროება“, 1883 წ.
[სასტუმრო საქართველო თფილისში 1880 წელს გახსნილა – „ამ მოკლე ხანში თფილისში გაიხსნა ერთი ახალი სასტუმრო, სახელად „საქართველო“, – გაზეთი „დროება“, 1880 წ.]
ამბავი #4
★ „ერთი მრავალ საძაგლობათაგანი, რომელიც ჩვენ ქალაქსა სჭირს, არიან ერთგვარი, ვითომ სასტუმროები, რომელნიც უფრო მიკიტან-ხანებს მოგვაგონებენ, სადაც ერთად შეერთებულა ათას-გვარი საძაგლობა და ბინძურობა.
ეს ვითომ სასტუმროები იზიდვენ ხალხს და ჰყვლეფენ იმ ქალების წყალობით, რომლებსაც „არფიანკებს“ ეძახიან. თუმცა აღკრძალულია, „არფიანკლებმა“ ზალაში ფული ითხოვონ, მაგრამ ყოველთვის ერთს რაღაცას შესჩხავლებენ და ნოტებით ჩამოუვლიან გალოთებულ ხალხს.
ამ გვარს სასტუმროებში ხშირად ცემა-ტყეპაც ასტყდება ხოლმე, რისიც მოწამე ვიყავით ჩვენ ამ დღეებში „ლივადიის“ სასტუმროს აკლდამაში. ჯერ არს პოლიციამ მეტი ყურადღება იქონიოს ესეთ სასტუმროებზე, რომ „საქართველოს“ სასტუმროში მომხდარ ამბავს სხვაგანაც არ მიეცეს ადგილი“, – გაზეთი „დროება“, 1883 წ.
ამბავი #5
★ „ჩვენ ერთხელ და ორჯერ არ მიგვიქცევია ყურადღება იმ გარყვნილებაზედ, რომელიც გავრცელდა სხვა-და-სხვა სასტუმროებში, სადაც კი „არფიანკებმა“ (მომღერალმა ქალებმა) დაიბუდეს, მაგრამ სამწუხაროდ ყურადღებას არავინ აქცევს.
ამის გარედ რამდენი უბედურება სდევს ამისთანა ქალებთან ქეიფს, რამდენი კაცი შეიქმნა მსხვერპლად?
ამ „არფიანკების“ წყალობით სასტუმრო „საქართველოში“ გალახეს რამდენიმე კაცი, რამდენიმე დასჭრეს და ბოლოს კიდეც მოკლეს.
სასტუმრო „ლივადიაში“ ცემა-ტყეპას და ხანჯლების ტრიალს ანგარიში არა აქვს.
ამ მხრით „შვეიცარიაც“ არ ჩამორჩა სხვა სასტუმროებს, ყოველ ღამე ჩხუბი და გინება გათენებამდე არ შეწყდება. რამდენჯერმე იარაღის ხმარებაც მოხდა.
გუშინ, ღამის 3-ს საათზე, ამ სასტუმროში ჩხუბი მოხდა და მსხვერპლად შეიქნა თითონ სასტუმროს პატრონი ბ. სიხარულიძე, რომელსაც ორს ადგილასა აქვს ჭრილობა.
ნუ თუ თბილისის პოლიცია ეხლაც არ მიაქცევს ყურადღებას ამდენ საძაგლობას და თავიდგან არ მოგვაშორებს ამ შესაწუხებელს, მავნებელს და გამრყვნელს დროს გატარებას?“, – გაზეთი „დროება“, 1883 წ.
ამბავი #6
★ „სასტუმროებში მომღერალი ქალების ყოლაზედ ჩვენ არა ერთხელა გვქონია ლაპარაკი და წარმოგვითქვამს ის აზრი, რომ ქალაქში მყოფს სასტუმროებში უნდა აღეკრძალოს ხალხის ამ გვარი გამრყვნელი სიამოვნება.
ეხლა შევიტყეთ, რომ პოლიციას კიდეც მოუხდენია განკარგულება სასტუმრო „შვეიცარიაში“ აღეკრძალოს ამ გვარი დროს გატარება.
სამწუხაროდ საქმე მარტო ერთს სასტუმროზედ კი არ არის, იმაზედ არის, რომ სუყველა სასტუმროებში აღეკრძალოს და აღეკრძალოს მუდმით, თორემ ერთგან დახურვა რას არგებს, როდესაც ამ გვარს ქეიფს შეჩვეულნი ახლა სხვაგან შეიყრებიან?
ამ გვარს დროს გატარებას ძირიანად ამოგდება ეჭირება და არა ისე, როგორც სასტუმრო „საქართველოში“ მოახდინეს, სადაც სასტუმრო ჯერ ერთი ამხანაგის სახელზედ იყო და აღუკრძალეს არფიანკების ყოლა, ახლა მეორე ამხანაგმა გააღო და ისევ ნება მისცეს…“, – გაზეთი „დროება“, 1883 წ.
წყარო: მადათოვი