სოფელ თხინვალაში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა. სკვერის მოწყობა მოსახლეობის თხოვნა იყო.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.
გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით “სამშობლოსათვის თავდადებული”. 2013 წელს, “თუშების სადროშომ” გიორგი ანწუხელიძეს “თუში სახალხო გმირის” წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.