სიტყვა “ქუაქანცალია” მეგრულად მოქანავე ქვას ნიშნავს და ეს 12-ტონიანი ლოდი, რომელზეც ახლა უნდა მოგიყვეთ, სწორედ რომ ამართლებს თავის სახელს. “ქუაქანცალია” რომელიც სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყვირას კირქვულ მასივზე, მდინარე ინწრას სათავეებთან, ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ლოდის სიმაღლე – 1,75 – 1,45 მ, სიგანე – ერთი მხრივ 1,68 და 2,10 მ, მეორე მხრივ – 1,60 მ, წონა კი დაახლოებით 10-12 ტონაა. მას ოთხი საყრდენი წერტილი აქვს, რომელთაგანაც ერთი ყოველთვის ჰაერშია. ეს ქვის უზარმაზარი მასა ერთ-ერთ წიბოზე ხელის ოდნავი დაწოლითაც კი ქანაობას იწყებს და კაკუნის ხმას გამოსცემს, თუმცა, რასაკვირველია, მისი ადგილიდან დაძვრა ან დაგორება მსგავსი მოძრაობით წარმოუდგენელია. მსგავსი მოქანავე ლოდები მრავალ ქვეყანაში გვხვდება, თუმცა მათი უმრავლესობა ვულკანურ ქანებშია გამომუშავებული, “ქუაქანცალია” კი კირქვული ლოდია და კარსტულ მასივზე მდებარეობს.
ამ მართლაც მისტიკურ და შთამბეჭდავ ადგილთან დაკავშირებულ ლეგენდაზე ტურისტული პორტალი, Georgian Travel Guide წერს:
“ქუაქანცალია უძველეს დროშიც აოცებდა მნახველებს და მან ქართულ მითოლოგიაშიც ჰპოვა ადგილი. მოქანავე ლოდს ერთი ლეგენდა უკავშირდება. აქაურ მთებში ცხოვრობდა ღმერთების შთამომავალი, უჩვეულო ძალის მქონე დევგმირი არამხუტუ, რომელიც ადამიანებს ეხმარებოდა. ერთხელაც მდინარეების – ჭანისწყლის, ინწრისა და მოროჟას ხეობებს კაციჭამია დევი შეჩვევია, თვეში ერთხელ სოფლებში ჩამოივლიდა და ბავშვებს იტაცებდა. მოსახლეობამ დასახმარებლად არამხუტუს მიმართა, რომელმაც დევს მუქარა შეუთვალა. დევს არამხუტუოხაჩქუეს მთებში დაუბარებია შესაბრძოლებლად. გამართეს შერკინება. არამხუტუმ ყვირას მთას დიდი ლოდი მოაგლიჯა და დევს ესროლა, დევმა უკან დაუბრუნა ლოდი. შვიდი დღე და ღამე იბრძოლეს. ბოლოს არამხუტუმ ვეებერთელა ოთხკუთხა ლოდი აიღო, მთელი ძალ-ღონით ისროლა და დევს თავი ორად გაუპო. ხალხმა გადამრჩენი გმირი ყვირას მთაზე დიდი ზეიმით აიყვანა. არამხუტუმ მოძებნა ლოდი, რომლითაც დევი დაამარცხა, ამოიღო მიწიდან და ისეთ ადგილზე დადო, რომ ხელის ოდნავ შეხებით ექანავა. მან ეს ლოდი თვალსაჩინოდ აღმართა, რომ ეს ამბავი თაობიდან თაობას გადასცემოდა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების აღსანიშნავად. ლოდს სოფლის მცხოვრებლებმა ქუაქანცალია – მოქანავე ლოდი შეარქვეს. ის დღესაც ქანაობს და ადამიანებს გმირობისა და სიკეთის ძალის შესახებ ახსენებს და წამით ზღაპრულ სამყაროს გვიშლის თვალწინ”