“პატარა მიზნებით დიდ გამარჯვებებამდე” – ნინი ჩხეტიანის პორტრეტი

ახალგაზრდა, ლამაზი, ძლიერი და წარმატებული – მოკლედ და ლაკონიურად სწორედ ასე შეიძლება დახასიათდეს ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ნინი ჩხეტიანი.

ნინი საკუთარ სილამაზის სტუდია “მალატს” მართავს და თავის გუნდთან ერთად, მუდმივად ზრუნავს ჩვენი თანაქალაქელების დ არა მარტო მათ სილამაზეზე. 

როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტიკიდან ამ სფეროში, რა სირთულეებისა და დაბრკოლებების გადავლა მოუწია და როგორ აგრძელებს ახლა საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს – ნინი თავად გვიყვება: 

_ მოგვიყევით თქვენ შესახებ… 

_ ჩემი მშობლები სოხუმიდან არიან, თუმცა, გასაგები მიზეზის გამო, ჩემი ბავშვობა ამ უმშვენიერეს კუთხეს არ უკავშირდება – წყნეთში დავიბადე, გავიზარდე და ჩემი ცხოვრების ყველაზე მშვენიერი მომენტებიც სწორედ აქ იყო. ამ ადგილმა მაჩუქა უმშვენიერესი ბავშვობა და მეგობრები, რომლებიც დღემდე მომყვებიან. 

შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ყოველთვის მომწონდა ადამიანებთან კომუნიკაცია, მუდმივად სიახლის ეპიცენტრში ყოფნა, ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება ჟურნალისტიკისათვის დამეკავშირებინა და სამომავლო პროფესიად სწორედ ეს საქმე ამერჩია. ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან მომწონდა ის, რასაც ტელევიზორში ვხედავდი და საკუთარ თავს ამ ცისფერი ეკრანის შიგნით წარმოვიდგენდი, სარკესთან სავარცხლით ხელში, რომლითაც მიკროფონს ვანაცვლებდი, გავითამაშებდი სცენებს და ახალი ამბების გამოშვებები მიმყავდა, ინტერვიუებსაც ვიღებდი. თუმცა, მას შემდეგ, რაც დავეუფლე ამ პროფესიას და მართალია მცირე, მაგრამ მაინც დავაგროვე გამოცდილება, მივხვდი, რომ ეს არ იყო ის საქმიანობა, რომელსაც მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი და შინაგანი მე რაღაც სხვისკენ, განსხვავებულისაკენ მიბიძგებდა.

სიახლეებს არასდროს ვუშინდები, ვთვლი, რომ საკმაოდ გამბედავი ადამიანი ვარ და არც გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. გადავდგი ნაბიჯი, რომელიც ამ გადმოსახედიდან ყველაზე სწორად მიმაჩნია და რომელმაც მიმიყვანა იმ საქმემდე, მთელი გულით რომ მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. 

_ რა არის ის საქმიანობა, რომელიც მთელი გულით შეიყვარეთ? 

_ ყველაზე მეტად ჟურნალისტიკაში ადამიანებთან ურთიერთობა მომწონდა და ვფიქრობ, ჩემს დღევანდელ საქმიანობაში ძველი პროფესიისაგან სწორედ ეს ფაქტორი დავიტოვე, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანთან გავაერთიანე.

სილამაზე და თავის მოვლა ყოველთვის პრიორიტეტული მიმართულება იყო ჩემთვის და თავადაც დიდი სიამოვნებას მანიჭებდა, როცა სალონში მივდიოდი და ვიღებდი ხარისხიან მომსახურებას, რომელიც ყოველთვის აისახებოდა შედეგში. დაახლოებით სამი წლის წინ ვიფიქრე, რატომ არ შეიძლებოდა თავად შემექმნა სივრცე, რომელიც მაღალი ხარისხის სალონურ მომსახურებებს გააერთიანებდა, მე კი ყველა იმ პროფესიონალს, რომელთა ოქროს ხელებიც საკუთარ გარეგნობაზე მქონდა დაცდილი, ჩემს გუნდში შემოვიკრებდი.

გავაკეთე სილამაზის სტუდია, რომელიც აერთიანებს კანის, თმისა და ფრჩხილის მოვლისა და გალამაზების პროცედურებს და ამაყი ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად, დღემდე წარმატებით მოვდივარ, ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს და რა თქმა უნდა, მუდმივად განვითარების პროცესში ვართ. 

_ ახალი საქმიანობის წამოწყება ნამდვილი არაა და მოითხოვს დიდი ენერგიასა თუ ფინანსურ და ემოციურ რესურსს. თქვენ რა სირთულეებს გადააწყდით ამ პროცესში და როგორ დაძლიეთ ის? 

_ ჩემი ოჯახი ჩემი მთავარი საყრდენია, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ემოციურადაც. მამაჩემისაგან ვიღებდი ბავშვობიდან მაგალითს, თუ როგორი მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე უნდა იყოს ადამიანი. მშობლების მაგალითით, გაზრდისა და წინსვლის მოტივაცია სულ მქონდა, მინდოდა მათთვის მეჩვენებინა იმ ყველაფრის შედეგი, რაც ჩემს განვითარებასა და განათლებაში, ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ჩადეს. შესაბამისად, ემოციური რესურსი და მხარდაჭერა მათგან მქონდა. რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, ჩემი და ჩემი ოჯახის დანაზოგით მოხერხდა საქმის წამოწყება – გარკვეულწილად მამა იყო ჩემი “ინვესტორი”. 

საკმაოდ რთულია შექმნა მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდი. თუმცა მე ამაშიც გამიმართლა, რადგან გვერდით აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი – ჩემი ბიძაშვილი, თამუნა გვარმიანი, რომელიც 22 წელია ამ სფეროშია. როდესაც გადავწყვიტეთ სალონი გაგვეკეთებინა, თამუნას დახმარებით შევკრიბე სტაფი, ყველამ ერთად მოვითათბირეთ, დავსახეთ გეგმები და ზუსტად სამ კვირაში უკვე ჩვენი სტუდია გვქონდა. ყველაფერში ვიყავით ჩართულები – კომერციული ფართის პოვნითა და ინტერიერის დაგეგმარებიდან დაწყებული. ვფიქრობ, ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს გვაქვს ისეთი სივრცე, როგორიც გვინდოდა, რომ გვქონოდა.

_ როგორ ფიქრობთ, ხართ თუ არა წარმატებული ადამიანი და რაში გამოიხატება ეს? 

_ წარმატება ჩემთვის პატარ-პატარა მიზნების მიღწევაა, როცა აღწევ იმას, რაც მოინდომე, უკვე წარმატებული ხარ, მნიშვნელობა არ აქვს ეს მიზანი დიდი იყო თუ მცირე. რეალურად სწორედ ამ ნაბიჯებს მივყავართ უფრო დიდი მასშტაბის წარმატებამდე. ამ კუთხით თუ შევხედავთ, თავს წარმატებულ ადამიანად ვთვლი, სამ კვირაში მოვახერხეთ ჩვენი სტუდიის გახსნა და დღემდე დაუღალავი შრომით მოვდივარ.

როცა გაქვს მიზანი, ამ მიზნისკენ სვლის უნარი და შრომისმოყვარეობა, როცა ხედავ საკუთარი დახარჯული რესურსის შედეგს – ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა. თუმცა, რასაკვირველია, წინ ახალი გამოწვევებია და ერთხელ მიღწეულით დაკმაყოფილება ნამდვილად ვერ გვაქცევს რეალურად წარმატებულ ადამიანებად. 

_ თქვენი აზრით, ხართ თუ არა ძლიერი ადამიანი და ზოგადად, რა ქმნის თქვენს პიროვნებას?

_ ალბათ ის, რომ სიახლეების შიში არ მაქვს, პირიქით. არასდროს ვუშინდები დაბრკოლებებს, რა თქმა უნდა, ამ წლების განმვალობაში ყოფილა ბევრი სირთულე, თუმცა გადაგვილახავს ყველას ერთად. ჩვენი სიძლიერეც ხომ ზუსტად ასეთ დროს ვლინდება – გვაქვს თუ არა უნარი, კრიზისულ პერიოდში საკუთარი ძალების მობილიზება მოვახდინოთ და არ ავყვეთ ემოციებს. 

რაც უფრო მეტი დაბრკოლება მხვდება, მით უფრო ვძლიერდები, მით მეტს ვითხოვ საკუთარი თავისაგან და შესაბამისად, მეტადაც ვვითარდები. წარმატებისკენ სვლის პროცესიც ალბათ სწორედ ასე გამოიყურება. 

_ რამდენად ხართ ორიენტირებული წინსვლაზე და რას აკეთებთ მუდმივი განვითარებისათვის? 

ისეთ სფეროში ვსაქმიანობ, წინსვლა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა მოთხოვნაც კია. არასდროს არ უნდა ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტრენდებს და ზუსტად ისეთი ნაბიჯებით გავაგრძელოთ სიარული, როგორითაც ჩვენ გარშემო ცხოვრება ვითარდება. შესაბამისად, სულ ვნერგავთ სიახლეებს, ვესწრებით სემინარებს და ვიღრმავებთ ცოდნას. მუდმივი განვითარების, სიახლეების, გამოწვევების გარეშე ირადად ჩემთვის წარმოუდგენელია როგორც საქმე, ასევე პიროვნება. 

წარმატების ფორმულაც სწორედ ეს მგონია – არ შევუშინდეთ სიახლეებს, ვიყოთ მოტივირებულები და გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი, რათა მივაღწიოთ მიზანს. 

_როგორი თქვენი მიზნები? რას გეგმავთ მომავლისთვის? 

_ ჩვენი სილამაზის სტუდია მომავალში კიდევ უფრო მეტ მომსახურებას შესთავაზებს ერთგულ მომხმარებლებსა და სტუმრებს. ვეცდებით, ყოველთვის გავამართლოთ მათი ნდობა, სიყვარული და ის მეგობრული დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ მიმართ აქვთ. ვამაყობ ჩემი გუნდით და სწორედ მათთან ერთად, მომავალში კიდევ უფრო მეტ მწევრვალზე ავალთ, მეტი შემართებით გავაკეთებთ საერთო საქმეს და ყველა ჩვენგანის პატარა მიზნებს დიდ გამარჯვებებად ვაქცევთ. 

 

 

ავტორი:  თათო ზარანდია