თინათინ ღოლაძის ციფრული მდგრადობის ხელშეწყობის საავტორო პროექტი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებული გახდა.
დიალოგი მომავლისთვის არის საერთაშორისო ნეთვორქინგ კონფერენცია, რომელიც 3 – 5 ივნისს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო დიჯიტალიზაციისა და მდგრადი განვითარების სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისა და ექსპერტების ურთერთდაკავშირება, იდეების გაცვლა და კოოპერაციის ხელშეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა გერმანიის, პოლონეთის, საფრანგეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 200- ზე მეტი მონაწილე. ისინი, 3 დღის განმავლობაში, წარადგენდნენ ინოვაციურ იდეებს. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე, ხმათა უმრავლესობით, 12 პროექტი დასახელდა, ხოლო მეორე ეტაპზე, ჟიურის მიერ, 5 გამარჯვებული გამოვლინდა.
თინათინ ღოლაძემ, რომელიც ღონისძიებაზე მეწარმეთა ასოციაციას წარმოადგენდა, ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა და შემოდგომაზე გერმანიაში განაგრძობს პროექტის განვითარებაზე მუშაობას.
„ეს ღონისძიება იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დიჯიტალიზაციისა და ციფრული მდგრადობის საკითხებზე მუშაობდნენ, ხოლო ღონისძიების პარალელურად, თითოეულ მათგანს შეეძლო იდეების კონკურსში მონაწილეობა.
პირველ ეტაპზე კონკურსანტები ხმებს ვაგროვებდით და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა 12 პროექტი და ამ 12 პროექტიდან ჟიურიმ შეარჩია 5 გამარჯვებული, რომელთაც გადაეცათ ფულადი ჯილდო. პირველ ადგილზე გავედი მე და ფულადი ჯილდოს გარდა, გერმანიაში გავაგრძელებ ამ პროექტზე მუშაობას.
გამარჯვებულების გამოცხადებამდე ჟიურის წევრებმა თქვეს, რომ ძალიან ბევრი ვიკამათეთ პროექტების შერჩევისას, ხოლო პირველ ადგილზე ერთხმად შევთანხმდით ყველაო… თინათინიო რომ დაასახელეს იმ წუთიდან ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზე…“ – განაცხადა თინათინ ღოლაძემ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.
თინათინ ღოლაძე არის ანტრეპრენერი და ბიზნეს მენტორი, რომელიც ქმნის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სტარტაპების, მცირე და ინოვაციური მეწარმეების მხარდასაჭერად, ასევე, მენტორობის გზით ეხმარება მათ ბიზნეს და ციფრული პროცესების დაგეგმვისა და განვითარების პროცესში.