ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე, რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მონაწილეობდა 35-ზე მეტი ფილმის შექმნაში, რომელთა შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა!“ და სხვა.
რეზო გაბრიაძის მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, იგი იყო 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი.
1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც თბილისში, შავთელის 13-ში მდებარეობს, ანჩისხატის ბაზილიკის გვერდით. თეატრის პირველი სპექტაკლი „ალფრედი და ვიოლეტა“ იყო. რეზო გაბრაძე საკუთარი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი იყო. 2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.
რეზო გაბრიაძე იყო საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; სსრკ-ის სახელმწიფო პრემია; ლაურეატი პრემიებისა: „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, და ცარსკოე სელოს პრემიისა.
დაჯილდოებულია საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.