საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით აირჩიეს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
არჩევნები საბერძნეთში, ქ. ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 35 სახელმწიფოდან საქართველოს 23-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
საქართველოს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ორგანიზაციის მიზნების დასახვასა და შემდგომ წარმატებით განხორციელებაში, ასევე უზრუნველყოს მისი ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირება. საქართველო თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.