დასახვრეტთა სიას სამჯერ გადარჩენილი ქართველი “ოსკარ შინდლერის” ამბავი

* 1993 წელს გადაღებულ ეპიკურ ამერიკულ დრამაში, რომლის რეჟისორია სტივენ სპილბერგი,  ასახულია წარმოშობით გერმანელი ბიზნესმენის, ოსკარ შინდლერის ცხოვრება, რომელმაც მოახერხა და ათასზე მეტ ებრაელ ლტოლვილს, რომელთა უმეტესობას პოლონეთში დასახლებული ებრაელები შეადგენდნენ, შეუნარჩუნა სიცოცხლე და იხსნა ჰოლოკოსტისგან იმით, რომ ისინი დაასაქმა საკუთარ საწარმოში

 

გრიგოლ რობაქიძის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი ვიქტორ ხომერიკი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის, ნოე ხომერიკის, შვილი იყო. დაიბადა 1910 წლის 6 ივნისს, ვორკუტაში (ციმბირი, კომის ასსრ), სადაც იმ დროს მამამისი გადასახლებაში იმყოფებოდა. 9 წლისას გარდაეცვალა დედა. 11 წლის ასაკში გაჰყვა ქართულ ემიგრაციას. ცხოვრობდა ჯერ თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში.

1922 წელს ნოე ხომერიკი ფარულად დაბრუნდა საქართველოში აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად. 1923 წელს დააპატიმრეს და 1924 წლის შემოდგომაზე, აჯანყების დაწყებისთანავე, დახვრიტეს. დაობლებული მოზარდი მარტოდმარტო დარჩა ლევილში, მაგრამ მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ შეუშინდა სიძნელეებს და ქართული ემიგრაციის დახმარებითა და თავისი სიბეჯითით დაამთავრა ჯერ კოლეჯი, შემდეგ საერთაშორისო ეკონომიკური უნივერსიტეტი პარიზში. სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში იგი იყო „ჯენერალ მოტორსის“ წარმომადგენელი საფრანგეთში.

ვიქტორ ხომერიკი მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოადგენდა არცერთ პოლიტიკურ პარტიას, დიდი ავტორიტეტის გამო განსაკუთრებულ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა. საფრანგეთში გაიზარდა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა, მაგრამ სიკვდილამდე საქართველოს მოქალაქედ დარჩა. იგი იყო მსოფლიო ემიგრანტთა მთავარი კომიტეტის გამგეობის წევრი, ქართული ემიგრაციის სული და გული, საქართველოდან ჩასულების უპირველესი მასპინძელი, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაზე ერთ-ერთი მზრუნველი. მეგობრობდა ქართველ ხელოვნების მოღვაწეებთანაც.

ვიქტორ ხომერიკი თავისუფლად ფლობდა ათამდე უცხო ენას. შესანიშნავად ასრულებდა ქართულ საეკლესიო საგალობლებს, დაუზარებლად გადასცემდა ემიგრაციაში დაბადებულ ახალგაზრდებს ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ კულტურას და ეროვნული სულისკვეთებით ზრდიდა მათ.

მეორე მსოფლიო ომის დროს ხომერიკმა არაერთ ტყვეს, მათ შორის ებრაელებსაც, შეუნარჩუნა სიცოცხლე, დაიხსნა გესტაპოს საკონცენტრაციო ბანაკიდან და თავშესაფარი მოუძებნა, რისთვისაც სამჯერ მოხვდა დასახვრეტთა სიაში.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვიქტორ ხომერიკის ღვაწლი მენშევიკური მთავრობის საარქივო მასალების გადარჩენასა და სამშობლოში დაბრუნებაში.

1990 წელს ვიქტორ ხომერიკი ეწვია მონატრებულ სამშობლოს, ჰქონდა გულთბილი შეხვედრები ქართველ საზოგადოებასთან. გარდაიცვალა 1994 წლის 16 მაისს, პარიზში, 22 მაისს კი თავისი ქვეყნის წინაშე პირნათელი მამულიშვილი სამუდამოდ მიიბარა ქართულმა მიწამ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გთავაზობთ ვიქტორ ხომერიკის შვილიშვილის ნათელა დავრიშაშვილის პატარა მოგონებას:

„ვიქტორი ლევილში იზრდებოდა და მასაც, სხვა ემიგრანტების შვილების დარად, სულ საქართველოზე ლაპარაკი ესმოდა. 19 წლისას ერთი ნახვით შეუყვარდა ულამაზესი ფრანგი გოგონა კოლეტი, რომელიც მაშინ 15 წლის იყო. ოთხი წლის მერე შეუღლდნენ. შეეძინათ სამი ქალიშვილი: ანიკო (დედაჩემი), ნინა და ნელი. ბებია კოლეტი ძალიან მიყვარდა. ქართულიც კი ისწავლა, ქართული ტრადიციები ისე შეისისხლხორცა, ლამის ბაბუას ჯობნიდა. განსაკუთრებით გვიყვარდა შვილიშვილებს მისი გაკეთებული ამოზელილი ლობიო. ბაბუა ვიქტორი მექალთანე გახლდათ. ამის გამო ხშირად მოსდიოდათ კამათი, ბოლოს, გაიყარნენ, მაგრამ ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. აგარაკი გვქონდა პარიზთან ახლოს, შატლეში. იქ ხშირად იკრიბებოდნენ ქართველი ემიგრანტები და ბებოს ძალიან სიამოვნებდა მათი მასპინძლობა. ქართველებს მოჰქონდათ გიტარა, დუდუკი, გარმონი, დოლი და მღეროდნენ შორს დარჩენილ სამშობლოზე. ლევილში და შატლეში გატარებული ყოველი წუთი საქართველოთი იყო სავსე. ჩემს მეხსიერებას დღემდე ტკბილად შემორჩა იმდროინდელი მოგონებები. მახსოვს, ქართველები მხიარულობდნენ, მაგრამ ყველას თვალებში დიდი სევდა ედგა“...

ვიქტორ ხომერიკის ყველა შთამომავალს ქართული სახელი ჰქვია. ნათელას ერთი შვილი ჰყავს –  გელა, ქეთევანს კი სამი: დალი, თემო და ლუკა.