დაიბადა თბილისში, საზოგადო მოღვაწის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის ალექსანდრე ჯაბადარის ოჯახში. 1902 წელს ძმასთან ერთად სასწავლებლად ბელგიაში გაემგზავრა. 1902–1910 წლებში ძირითადად ბრიუსელსა და ბერლინში ცხოვრობდა. აქ მიღებული ცოდნის დასტურია მის მიერ 1910 წელს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ გამოქვეყნებული ვრცელი გამოკვლევა დიქციასა და მიმიკაზე. „დიქცია მსახიობთა და ორატორთათვის“ თბილისში ცალკე წიგნადაც გამოიცა 1918 წელს. ეს იყო პირველი სრულყოფილი სახელმძღვანელო ქართულ სასცენო მეტყველებაში.
1910–იანი წლების დასაწყისში გიორგი ჯაბადარი უკვე პარიზშია. აქ იგი ეზიარა ანდრე ანტუანის ესტეთიკას, დაამთავრა თეატრალური სტუდია და ანტუანის ცნობილ თეატრში დაიწყო მუშაობა. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამავე წელს თბილისში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული დრამატული სტუდია–თეატრი („ჯაბადარის სტუდია“), რომელსაც 1920 წლამდე ხელმძღვანელობდა. ჯაბადარის სტუდია მიზნად ისახავდა მაღალკვალიფიციურ მსახიობთა კადრების აღზრდას, ქართული თეატრის განახლებასა და ეროვნულ ნიადაგზე დაყენებას. გიორგი ჯაბადარი სტუდია–თეატრის მთავარი რეჟისორი და სასცენო მეტყველების პედაგოგი იყო.
აქ სწავლობდნენ სახელოვანი ქართველი მსახიობები: ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე, უშანგი ჩხეიძე, დოდო ანთაძე, შალვა ღამბაშიძე და სხვა. 1920 წლის ზაფხულში სტუდიამ არსებობა შეწყვიტა, მაგრამ მოგვიანებით კოტე მარჯანიშვილმა და ალექსანდრე ახმეტელმა სწორედ სტუდიადამთავრებულ ახალგაზრდა მსახიობთა მთელ თაობაზე დაყრდნობით შეძლეს ქართული თეატრის აღორძინება.
1920 წელს გიორგი ჯაბადარი საქართველოს ეკონომიკურ დელეგაციასთან ერთად ევროპაში გაემგზავრა და ევროპული ენების კარგი ცოდნის გამო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, კანდელაკის თანაშემწედ დაინიშნა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში დარჩა და ბერლინში დასახლდა. იყო გერმანელ მსახიობთა კავშირის წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა პარიზის თეატრ „ოდეონში“, ბერლინის „სამხატვრო თეატრში“; ემიგრაციაში დაწერა მონოგრაფია „ქართული თეატრი”, რომელიც სამწუხაროდ არ გამოქვეყნებულა და დაკარგულად ითვლება. ძმასთან, ერეკლე ჯაბადართან ერთად, ფრანგულ ენაზე თარგმნა ა. სუმბათაშვილ–იუჟინის „ღალატი“, შემდეგ მეუღლესთან, გერტრუდ ჯაბადართან ერთად თარგმნა იგივე პიესა გერმანულ ენაზე და 1935 წელს ბერლინის „სამხატვრო თეატრში“ წარმოადგინა. ეს ქართული პიესის ევროპაში დადგმის პირველი შემთხვევა იყო.
გიორგი ჯაბადარი გარდაიცვალა ბერლინში 50 წლის ასაკში. დასაფლავებულია იქვე, შენებერგის სასაფლაოზე. მამის კვალს გაჰყვა გიორგის ვაჟი ალექსანდრე (საშა), რომელიც რეინჰარდტის თეატრალური აკადემიის დამთავრების შემდეგ კანადაში დასახლდა, დგამდა პიესებს გერმანულ ენაზე და თვითონაც თამაშობდა. შემდგომში ვაშინგტონში გადავიდა და იქ გააგრძელა მოღვაწეობა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა