საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ახალციხეში, რაბათში, აკა მორჩილაძის თანაავტორობით შედგენილი მემორიალური ალბომის – „გრიგოლ ლორთქიფანიძე 1881-1937“ – პრეზენტაცია გაიმართა.
ალბომი გამოიცა ეროვნული ბიბლიოთეკის, ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით.
„თქვენ წინაშეა მემორიალური ალბომი, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გამორჩეულ ფიგურას – სამხედრო და განათლების მინისტრს, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს გრიგოლ ლორთქიფანიძეს – პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, რომელმაც სრულად იწვნია ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ტირანია და ყველაზე სისხლიან – 1937 წლის სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა“, – ვკითხულობთ გამოცემისთვის დართულ გიორგი კლდიაშვილისა და ლევან ავალიშვილის წინასიტყვაობაში.