ქართული ღვინის ონლაინ ტური ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ფორუმის „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ ფარგლებში გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ფორუმის მონაწილეებს სააგენტოს სამუზეუმო სივრცე გააცნო, რომელიც მუზეუმს, ენოთეკასა და მარანს აერთიანებს.
ონლაინ ტურის მიმდინარეობისას, ლევან მეხუზლამ ქართული ღვინის #8000წლიან ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, განვითარების ეტაპებზე, ღვინის თანამედროვე ინდუსტრიასა და ქართული ღვინის წარმატებებზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის როლსა და მნიშვნელობას ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში, მადლობა გადაუხადა მათ ამ მიმართულებით გაღებული ძალისხმევისთვის.
28 მაისს გამართული ონლაინ ფორუმის ფარგლებში მომხსენებლებმა მიმოიხილეს საქართველოს სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის მხარდამჭერი ეროვნული და საერთაშორისო პროგრამები, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების პროფესიული გამოცდილებისა და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენების გზები.
ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.
ფორუმის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.