„ლუკიშკიოს“ მოედანზე საქართველოს დროშა გაიშალა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქ. ვილნიუსის ცენტრალურ „ლუკიშკიოს“ მოედანზე გაიშალა საქართველოს დროშა და საქართველოს დროით 17:10 საათზე (1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდა საქართველოსა და ლიეტუვის ეროვნული ჰიმნები.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა, ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, ასევე, მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, ამავე მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა ფოტო-გამოფენა, რომელიც ეხებოდა როგორც 1989 წლის 9 აპრილის თემატიკას, ასევე, 1991 წლის რეფერენდუმსა და დამოუკიდებლობის აღდგენას.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად დამზადდა მაისურები საქართველოს რუკის გამოსახულებით, რომლებითაც ღონისძიებაში მონაწილე ქართველი და ლიეტუველი ახალგაზრდები შეიმოსნენ. ამასთან ჰიმნების დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა სიმბოლურად ცაში ეროვნული დროშის ფერების საჰაერო ბუშტები გაუშვეს.