2021 წლის 16-17 მაისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ქალაქ ნავპლიოს ეწვია, რომლის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ელჩმა თანამემამულეებს მიულოცა მოახლოებული ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 30-ე წლისთავი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო არგოლიდელ ქართველთა საჭირბოროტო საკითხებსა და დიასპორის მიმართულებით სახელმწიფოს პრიორიტეტებს, ასევე, მიმოხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე აქტუალური პროცესები.
საუბრისას დავით დონდუამ ხაზი გაუსვა დიასპორასთან მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს სწორედ საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს ისევე, როგორც მოქმედი დიასპორული გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა და მათი დახმარება.
დიასპორის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, საქართველოს ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი საქმიანობისა და უკვე განხორციელებული დიასპორული პროექტების თაობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ნავპლიოში, არგოლიდას რეგიონში მცხოვრები თანამემამულეები, მათ შორის, არგოლიდელ ქართველთა სათვისტომო “საქართველოს” თავმჯდომარე, ანა კეკელიძე და სათვისტომოს უხუცესი წევრი, გიორგი გოგუა, რომელიც უკვე ოთხ ათეულ წელზე მეტია აქტიურად ეწევა ბერძნულ საზოგადოებაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას და მხარში უდგას საბერძნეთში მყოფ ქართველებს.