გრძელდება განაცხადების მიღება „გერმანიის ქართული სათვისტომოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში „წლის საუკეთესო სტუდენტები 2021“. კონკურსის შედეგად, გამოვლინდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სასწავლებლად მყოფი სამი საუკეთესო ქართველი სტუდენტი.
საუკეთესო სტუდენტები შემდეგ სამ სასწავლო მიმართულებაში გამოვლინდებიან:
1. მედიცინის, ზუსტი, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკური მეცნიერებები;
2. სოციალური, ჰუმანიტარული, სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერებები;
3. ხელოვნება.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ სტადიაზე ან უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად).
გამარჯვებულები, საუკეთესო სტუდენტის წოდებასთან ერთად, დაჯილდოვდებიან „გერმანიის ქართული სათვისტომოს“ საპატიო სიგელითა და ქართველ-გერმანელი სპონსორების მიერ გამოყოფილი ფულადი პრიზით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 18 მაისამდე განაცხადი უნდა გააგზავნონ, ელექტრონული სახით, შემდეგ მისამართზე: leri.datashvili@satvistomo.de
კონკურსის ფარგლებში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „გერმანიის ქართული სათვისტომოს“ ვებგვერდზე.
„გერმანიის ქართული სათვისტომო / Georgischer Veren in Deurschland“ საუკეთესო ქართველი სტუდენტების კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. სათვისტომო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი ყველაზე ძველი და ერთ-ერთი დიდი ქართული დიასპორული ორგანიზაციაა. იგი 1945 წელს დაარსდა და დღემდე, აქტიურად საქმიანობს გერმანიაში მცხოვრები ქართველების ერთმანეთთან დაკავშირებისა და მათი გერმანულ საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. „გერმანიის ქართული სათვისტომო“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გერმანია-საქართველოს შორის ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო სახის კავშირების გაღრმავებაში. სათვისტომოს ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ლერი დათაშვილი.