თავმდაბალი, განათლებული და ელეგანტური – ეს არის ის სამი ძირითადი სიტყვა, რომელიც მაია არქანიას დასახასიათებლად, სიტყვათა თანწყობაში საუკეთესო ტრიადას ქმნის. მაია პროფესიით სამკურნალო მასაჟისა და რეაბილიტაციის სპეციალისტია. ის არის ადამიანი, რომელიც მუშაობს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე (კინეზიოთერაპევტი), ასევე, 17-წლიანი გამოცდილების მქონე მანუალური თერაპევტი. უკვე 9 წელიწადზე მეტია რაც ნუტრიციოლოგიის მიმდევარია და „კორალ-კლუბ ინტერნაციონალის“ სახეა – კომპანიის, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე 23 წელიწადია წარმატებით ასპარეზობს.
მაიას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, თუმცა, ამბობს, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს -„დაბრკოლებას შევხედოთ როგორც ბერკეტს, რომელიც გვაძლიერებს“.
უაღრესად კეთილი და ოპტიმისტი ქალბატონი მაია არქანია დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია, რომელიც თავისი პროფესიის, განვლილი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება:
_ მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ…
_ ძალიან საინტერესოა აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს, რომელიც გეხმარება შეისწავლო, თუ როგორ აღიდგინო და შეინარჩუნო ჯანმრთელობა. მითუმეტეს, თუ ეს საქმიანობა იძლევა საშუალებას გაიცნო ახალი ადამიანები, მათი კულტურა, მისწრაფებები, ეზიარო მათ გამოცდილებას, იმოგზაურო და დატკბე ცხოვრებით. საქმიანობა, რომელიც გაძლევს საშუალებას შენი ძირითადი საქმიანობის პარალელურად, საკმაოდ სოლიდური შემოსავალი გამოიმუშაო. ძირითადად ვმუშაობ მოზარდთა და არამარტო, რეაბილიტაციის, გაჯანსაღების სფეროში. ასევე, სპორტსმენებთან და წონის კორექციის კუთხით. ბოლო რამდენიმე წელია ნუტრიციოლოგიამ გამიტაცა, ასევე, მაინტერესებს ადამიანის ფსიქოლოგია. პარალელურად, ვახდენ კომპანია „კორალ-კლუბ ინტერნაციონალის“ მიერ შემუშავებულ ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რომელიც სისტემურ მიდგომაში გამოიხატება.
_ რა გზა გაიარეთ იმისთვის რომ აქამდე მოსულიყავით და რა იყო თქვენი პირველი მიღწევა/წარმატება?
_ გზა იყო ხანგრძლივი და საინტერესო. დამყარებული, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სწავლებაზე. წლების მანძილზე მქონდა პატივი მესწავლა და მეთანამშრომლა თბილისის წამყვან პროფესორ-მასწავლებლებთან. ასევე, გავცნობოდი სხვა ქვეყნის მკვლევარების, მეცნიერების, აკადემიკოსების ნაშრომებს.
9 წელი ვიმუშავე ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის“ შენობაში არსებულ რეაბილიტაციის ცენტრ „ტრიადაში“. პრაქტიკული სწავლება კი თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე, პროფესორ ნიკოლოზ და ლია ავალიანებთან გავიარე.
რაც შეეხება წარმატებას, არაერთი იყო – თითქოს ყველა პირველია. გამოვყოფდი საოცარ გუნდს ცენტრ „ტრიადაში“, ხელმძღვანელებს მიხეილ სანდლერსა და ცისანა ჯოხაძეს, მათ გვერდში დგომას, პასუხისმგებლობის დაკისრებას, ნდობის გამოხატვას. ამ ყველაფრის წარმატებით თავის გართმევა ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო. ასევე, არაერთი წარმატებული შედეგი რეაბილიტაციაში, მადლიერი პაციენტები და ამაყი ხელმძღვანელობა – ეს იყო ჩემი უდიდესი გამარჯვება.
_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს პროფესიაში?
_ ვთვლი, რომ პროფესია ახლა ორი მაქვს, ორივე ერთმანეთს ავსებს, ორივე ემსახურება ჯანის სიმრთელეს. ერთი გარეგანად, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე მუშაობა და მეორე უჯრედის დონეზე ჯანმრთელობის კონცეპტუალური მიდგომის სწავლება. ამის ცოდნა უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენი სასიცოცხლო რესურსები გაუცნობიერებლად არ გავხარჯოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საქმიანობაში არის თვით აუცილებლობა და იმ ცოდნის სხვისთვის გაზიარება, რასაც მე წლების წინ ვეზიარე. ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები იმ ადამიანების, ვინც მე ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია თავის დროზე გამანდო.
_ რას ეფუძნება თქვენი მუშაობის პრინციპი?
_ ჩემი მუშაობის პრინციპი რა თქმა უნდა პირად შედეგებზე დაკვირვებას და პირველ რიგში გამოცდილებას ეფუძნება. არასოდეს ვურჩევ სხვას იმას, რაც მე პირადად არ გამომიყენებია. მხოლოდ ნაცად, აპრობირებულ, ფიზიოლოგიურ, ბუნებრივ, ბიოლოგიურ უსაფრთხო მეთოდებს ვეყრდნობი.
მინდა ვთქვა, რომ არასდროს გავჩერებულვარ, მუდმივად ვარ ორიენტირებული განვითარებაზე, ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ყოველდღიურად ვეცნობი არაერთ ნაშრომსა და კვლევას, ეს იქნება „ონლაინ“ თუ „ოფლაინ“. ვესწრები ქოუჩების, ფსიქოლოგების, პრაქტიკოს-მკვლევარების ტრენინგებსა და სემინარებს. მაქვს ასევე საინტერესო ბიბლიოთეკა სახლში.
_ საზოგადოებისთვის უკეთესად გასაგები რომ გავხადოთ, რას სთავაზობს მაია არქანია დღეს მომხმარებელს?
_ ახალ, კონკრეტულ, კონცეპტუალურ, გამოცდილ გზას, რომელსაც მივყავართ ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნებისკენ. ყველას უნდა იყოს ჯანმრთელი, მაგრამ არ ვიცით როდის, საიდან და რითი უნდა დავიწყოთ. კომპანია „კ.კ.ი“ გთავაზობთ ჯანმრთელობის ფორმულას, რომელიც სისტემურ მიდგომას მოიცავს.
მოგეხსენებათ, დღეს როგორი ინფორმაციული ქარ-ცეცხლის ალში ვტრიალებთ. როგორი დამღლელია ყოველდღიური რუტინა და ყოფა. ამასობაში შეიძლება სწორედ ის მთავარი გამოგვრჩეს, ან უკიდურეს შემთხვევაში დაგვიგვიანდეს ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხები. მარტივად რომ ვთქვათ, ჯანმრთელობას აქვს თავისი ინსტრუქცია. ეს არ გახლავთ მხოლოდ კურორტზე დასვენება, სპორტი, დიეტა, სწორი კვება – ეს გახლავთ ამ ყველაფრის მთლიანობა. კომპანიაში მოღვაწე ადამიანებმა დიდი გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე შეიმუშავეს გზა, რომელიც სჭირდება ყველა ადამიანს ჩვილობიდან – ხანდაზმულობამდე. თქვენ ალბათ მკითხავთ თუ რითია გამორჩეული ჩვენს მიერ შეთავაზებული პროგრამები. მე გეტყვით, რომ აქ უკვე პირდაპირი ნაბიჯებია გადასადგმელი, მარტივად აღსაქმელი, რომელიც ბიოლოგიის დონეზე ყველამ უნდა იცოდეს. ყველა ხომ ვერ იქნება მედიცინის მუშაკი არა?! ყველამ ვიცით, რომ ადამიანი შედგება უჯრედებისგან, რომელიც ყოველდღიურად იბადება, ცხოველმყოფელობს და კვდება. ამიტომ ჯერ იღებთ ცოდნას, შემდეგ კი აცნობიერებთ, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე მხოლოდ თქვენ გაკისრიათ.
_ თვლით თუ არა რომ ძლიერი პიროვნება ხართ და ზოგადად, თქვენი აზრით, რა განაპირობებს ადამიანის სიძლიერის განმსაზღვრელ ფაქტორებს?
_ დიახ, დღეს უკვე ვთვლი, რომ ძლიერი პიროვნება ვარ. რა თქმა უნდა ეს შეგრძნება ერთბაშად არ მოსულა. ყველა დაბრკოლებას თუ შევხედავთ როგორც ბერკეტს, რომელიც გვაძლიერებს, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ამ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს საკუთარ თავზე გამარჯვება წარმოადგენს. სამწუხაროდ, სხვისი დამოძღვრა ყველაზე ადვილი საქმეა.
ვფიქრობ, გახდე ძლიერი, ეს გახლავთ პირველ რიგში მიზნის სწორად დასახვა, შემდეგ მასზე ფოკუსირება, ქმედება და ცოდნის გაღრმავება. ცალ-ცალკე არ განიხილება, აი უკვე ერთად აღებული კი, დიდ ძალას წარმოადგენს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად თუ გაუაზრებლად, წარმატებისკენ მიმავალი რელსებიდან თქვენს გადაყვანას ეცდებიან. მჯერა, რომ ყველა ჩვენი ქმედება, თუნდაც მცირედი, მაგრამ ყოველდღიური, გვაახლოებს სასურველ მიზანთან. კი იცით გუბეში მოხვედრილი წვეთი როგორი პატარაცაა, მაგრამ მას შეუძლია წრეების შექმნა – უსასრულობამდე.
_ რა პერიოდი დაგჭირდათ იმისთვის რომ საკუთარი თავი გეღიარებინათ…
_ ვფიქრობ, აღიარება ჯერ მაინც ხმამაღალი ნათქვამია. მუდმივი ძიების და მეტის შესწავლის რეჟიმში ვარ. ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გამოიკვეთა იმ საქმიანობის აუცილებლად სხვებისთვის გაზიარების საჭიროება, რომელსაც მე ვახორციელებ. აღიარება მოდის მაშინ, როცა ვხვდები რომ შეგიძლია ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში სასიკეთო ძვრები განახორციელო. ჩემი ცხოვრებაც ხომ ერთ დროს ასეთმა ადამიანებმა შეცვალეს. ვფიქრობ, გამარჯვებაა იყო ადამიანების კეთილდღეობის სამსახურში. აკეთო საქმე, რომელიც გაბედნიერებს და შენს პიროვნულ ღირსებებს პასუხობს.
_ ზოგადად, შესაძლებელია თუ არა საკუთარ თავზე მუშაობით შეცვალო საკუთარი ცხოვრება?
_ სწორედ ამაშია პრობლემა, რომ ადამიანებს საკუთარ თავზე მუშაობა მხოლოდ „პოზიორობის“ რანგში გვხიბლავს. საკუთარი თავის გარდა, სხვა ვერავინ შეგვიცვლის ცხოვრებას ისე, როგორც ეს გვინდა. რთულია კი, სხვაზე მუშაობა უფრო გვიადვილდება, მაგრამ კეთილსინდისიერი უნდა იყო საკუთარი თავის მიმართ. მე საკმაოდ ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ვფიქრობ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი.
ყველა ჩვენი პრობლემა და წარუმატებლობა არის უმოქმედობაში, ან ცრუ ქმედებაში, სხვების დადანაშაულებაში, ჩვენს ტვინში, ფიქრებსა და მიზნის არქონაში.
ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია. მთავარია იცოდეს რა უნდა და რას მოიმოქმედებს ამ მიზნის მისაღწევად. მარტო სურვილი არ მუშაობს. ადამიანი დღეს მექანიკურად, დაპროგრამებულად მოქმედებს. ზოგს იმედგაცრუება და უსამართლობის შეგრძნება ანგრევს, მაგრამ მენდეთ სამყაროში უამრავი შესაძლებლობა არსებობს. იფიქრეთ და იოცნებეთ უფრო მასშტაბურად. უნდა განვსაზღვროთ შორსმიმავალი და ახლომდებარე მიზნები. აუცილებელია სათანადო განათლება. დღეს ამის მიღების უამრავი საშუალება არსებობს. შემდეგ ქმედება და გზა საკუთარ მიზნებთან მისასვლელი თანდათან გამოიკვეთება.
_ სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ ?
_ ჩემი გეგმები სცდება საზღვრებს და დიდ მასშტაბებზე გადის. მყავს საოცარი გუნდი, ერთმოაზროვნე, მოტივირებული, ამბიციური ადამიანებით დაკომპლექტებული. ჩვენი მიზანია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. გვაქვს ბერკეტი, რომელსაც ერთდროულად მოაქვს ჯანმრთელობა, თავისუფალი გრაფიკი და რაც მთავარია ფინანსური დამოუკიდებლობა.
_ და ბოლოს, ყველაზე ხშირად რას ეუბნებით სამყაროს? და რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ ინტერვიუს კითხულობენ?
_ სამყაროს ყოველდღიურად ვეუბნები რომ უზომოდ მიყვარს და მადლობელი ვარ. ყოველთვის ასე არ ვიყავი… სამწუხაროდ, არ მესმოდა ბევრი რამ, იყო დრო როცა ცხოვრება არ მიხაროდა, მეგონა სამყარო თავზე ჩამომექცა და ა.შ… ყველაფერი გამოვიარე, მაგრამ არ დავნებდი… მე გამომივიდა, თქვენც შეძლებთ! ყველა ადამიანი ღვთის საჩუქარია! არ არსებობს ქვეყნად ბოროტება და სიკეთე, არსებობს ცოდნა და უცოდინრობა.
ადამიანი, რომელსაც სხვები უყვარს, გამოსცემს სიყვარულის ვიბრაციას, ხოლო ცუდი საქციელის ჩამდენი, მავნე ვიბრაციას. სამყაროში ყველაფერი საკუთარი სიხშირიდან გამომდინარე ხდება, მას ვერ მოატყუებთ. ამიტომ, კარგი იქნება გავაცნობიეროთ, რომ არავინაა დამნაშავე ჩვენს ცუდ ყოფაში.
შეცვალეთ თქვენი მიდგომა და ყველაფერი შეიცვლება თქვენს გარშემო!