საქართველო კიდევ ერთ ნიჭიერ ადამიანს, კინორეჟისორ რამაზ ბუბა ხოტივარს დაემშვიდობა.
“ქართული კვირა” დღეს ბუბა ხოტივარის ძალიან საინტერესო მოგონებებს შემოგთავაზებთ, რომელიც მან 2018 წელს, სოციალურ ქსელში, თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მეგობრებო, ვაძლევ თავს უფლებას და გაწვდით მცირე ფრაგმენტს ჩემი მოგონებებიდან
„მაშინ, მეოცე საუკუნეში, ანუ – ბალღო, ესაა შენი სამშობლო“
1974 წლის 5 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა ჯუანშერ თუთბერიძე, ჩემი უახლოესი ადამიანი. თავზარი დაგვცა მისმა გარდაცვალებამ – ასეთი უსამართლობით თითქოს დედამიწას გზა აერიაო, თითქოს ცხოვრებას საყრდენი გამოაცალესო, – ასეთი შეგრძნება დაგვეუფლა ყველას, ვინც იცნობდა ჯუნას… ასეთი კეთილშობილი ადამიანი, ასეთი ზნეობრივი, ასეთი ლამაზი სულიერად და ფიზიკურად არ შემხვედრია არც მის გაცნობამდე, არც მას შემდეგ, რაც უდროოდ წავიდა ამა ქვეყნიდან. ის იყო კაცი, ნამდვილი კაცი, ქართველი რაინდი, ის იყო იდეალი, რომელიც ცხოვრებაში, ალბად, ერთხელ თუ შეგხვდება.
დაკრძალვის წინა ღამეს (10 აპრილს) მღვდელმა წესი აუგო გარდაცვლილს. მთელი ღამის განმავლობაში ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ომარ ციკოლია მუხლმოყრილნი და სანთლებით ხელში მღეროდნენ საგალობლებს. რამდენი ხანი ძლებს ადამიანი ნებაყოფლობით მუხლებზე დაჩოქილი? მე ნახევარი საათიც ვერ გავძელი. ზვიადი, მერაბი და ომარი კი მთელი ღამის განმავლობაში – მზის ამოსვლამდე – მორჩილად იდგნენ მუხლებზე, მღვდელთან ერთად დროდადრო სასახლეს ჩოქვით შემოუვლიდნენ, ლოცულობდნენ და გალობდნენ. ლოცულობდნენ და გალობდნენ ისეთი რწმენით, ისეთი ბავშვური გატაცებითა და გულწფელობით, რომ რამდენჯერმე თითქოს შევიგრძენი – ღმერთი მათ უსმენს, ღმერთი მათ მართლა უსმენს…
გამოცხადებას ჰგავდა ეს ზეციური სილამაზე: გალობის სტიქიაში მთლიანად ჩაფლული სამი ქართველი ვაჟკაცის მუდარითა და ტკივილით სავსე სახე; ზეციური ნათელით, ამაღლებული რწმენითა და თანაგრძნობით გაცისკროვნებული მათი ცრემლიანი თვალები; აბსოლუტური მუსიკალური სმენა, ურთულესი საგალობლების ყველა ნიუანსის ცოდნა; გალობისა და ლოცვის სულიერი ერთიანობის უნიკალური შეგრძნება – უხორცო ანგელოზების შთაგონება… თითქოს ზეციდან ისმოდა მათი ხმები და ისმოდა როგორც ერთი ხმა – ერთი განუყოფელი, მაგრამ ერთმანეთში გაურეველი და ერთმანეთისგან დამოუკუდებელი სამი ხმა – სამების ერთარსების უტყუარი ზეციური დასტური…
ღრმად ჩაფიქრებული მოჩურჩულე მღვდელი საკმეველით ხელში. მისი თავშეკავებული ლოცვა, მართლაც ჩურჩული ღმერთთან. თბილი და ყველაფრის გამგები, ყველაფრის მპატიებელი ალერსიანი მზერა.
ეს გალობა არ იყო მხოლოდ გალობა – ეს იყო სერიოზული, ვიტყოდი – თავგანწირული ბრძოლა გარდასულის სულის გადასარჩენად, ეს იყო დავიწყება საკუთარი თავისა და მიწიერი პრობლემებისა, ეს იყო უაღრესად მძაფრი შინაგანი მობილიზაცია, ყველა სულიერი რესურსის კონცენტრაცია ერთი მიზნის მისაღწევად: სული, რომელიც წარდგება ღმერთთან, უნდა გადარჩეს – ღმერთის ნებით, მაგრამ ჩვენის დახმარებითაც, ჩვენის ლოცვითაც, ჩვენის სიყვარულითაც, ჩვენის ერთგულებითაც…
კედელთან მიყუჟული გატრუნული ჭირისუფალნი გაფართოებული თვალებით ვაკვირდებოდით ამ საღვთო მისტერიას. ისე დაგვათენდა, ვერც ვიგრძენით – სამოთხეში დრო ქრება. თანდათან ამ პატარა ოთახში შემოვიდა მზე და გაანათა ერთიანად ყველა – მღვდელიც, მგალობლებიც, გარდასულიც. ღვთის განგებით მოხდა სასწაული: გლოვა თანდათანობით შეიცვალა ამაღლებული გამწყობითა და წყნარი ბედნიერების შეგრძნებით. ჩვენს სულებში გამეფდა სრული ნეტარება. ყველამ ვიგრძენით და ეჭვიც არავის ეპარებოდა – სულმა ამჯერადაც სძლია ხორცს…
მეგონა, დილისთვის ზვიადს, მერაბს და ომარს მთელი ღამის დაძაბული ლოცვა-გალობის შემდეგ ქანცი გამოელეოდათ. დახმარების შეთავაზება რომ დავაპირე, სამივეს ერთდროულად გაეღიმა და ისე მსუბუქად წამოდგნენ, თითქოს არც კი გაეთენებიოთ მთელი ღამე მუხლებზე. დაღლილობა არც ერთს არ ეტყობოდა. რა დაღლილობა – მათ თითქოს შინაგანი სულიერი ძალების მოზღვავება იგრძნეს. მათ ხომ შეასრულეს ის, რაც უნდა შეესრულებიათ, მათ მოიხადეს ვალი გარდასულის წინაშე. გავბედავ და ვივარაუდებ – მათ ურთიერთობა დაამყარეს კეთილ ზეციურ ძალებთან…
არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი ამბავი მერაბ კოსტავას ახალგაზრდობიდან.
ბავშვობიდანვე მერაბს მუსიკის უდიდესი ტალანტი აღმოაჩნდა, მაგრამ რეგულარულად ვერ უკრავდა, სახლში ინსტრუმენტი არ ჰქონდათ. დედამისმა ოლიკო დემურიამ (ხოტივარების მხრიდან ოლიკო ჩვენი ახლო ნათესავი იყო, მამაჩემს დისშვილად ერგებოდა), დარდით შესჩივლა მამაჩემს, რა ვქნა, ბინაც რომ გავყიდო, მერაბს ინსტრუმენტს მაინც ვერ ვუყიდი, მუსიკას თავი უნდა გაანებოს, მუსიკალური ათწლედიდან გამომყავსო. მამაჩემი, როგორც ოლიკო შემდგომში გვიყვებოდა, გაფითრებულა ბრაზისაგან – პირად შეურაცხყოფად მიუღია მერაბის ასეთი დაჩაგვრა. (მაშინ მერაბის მამა ივანე კოსტავა და ბიძა, მსახიობი გრიგოლ კოსტავა, თუ არ ვცდები, გადასახლებულნი ყოფილან ანტისაბჭოთა ქმედებებისათვის). ეს ბავშვი უპატრონო არავის ეგონოსო, გაუცრეცია კბილებში ლევან ხოტივარს და მაგრად მოუკიდია მერაბისთვის ხელი. ოლიკოს მოკლედ უთხრა, წამომყევიო, მოიყვანა ჩვენთან სოლოლაკის ბინაში და დასვა როიალთან:
– ამ სკამზე რამდენიც დაგჭირდება, იმდენი შეგიძლია იჯდე, თუ გინდა – დღე და ღამეო.
მერაბს ესიამოვნა ნათქვამი და პირდაპირ დაიწყო დაკვრა. მამასა და ოლიკოს გაეცინათ. არ დამავიწყდებაო, იგონებდა დედაჩემი, ყოველთვის სერიოზული, ყოველთვის რაღაცაზე ღრმად კონცენტრირებული ოლიკოს ამჯერად გაღიმებული სახე – მერაბი უკრავდა…
ამის შემდეგ ის საათობით მეცადინეობდა ისე ბეჯითად და ისეთ შთაგონებით, რომ უკვე იგრძნობოდა – მისგან მართლაც სერიოზული პიანისტი დგებოდა. მერაბი განუწყვეტლივ იმეორებდა, არაჩვეულებრივი როიალიაო. როიალს მართლაც საოცარი ჟღერადობა ჰქონდა. გერმანული წარწერაც მახსოვს: “Jbach”, ფირმა ყოფილა როიალების ასეთი – ი. ს. ბახის საპატივცემულოდ…
წლების შემდგომ, როცა მერაბი უკვე კონსერვატორიის პირველ კურსზე იყო, ჩვენთან შემოიარა და მამაჩემს თხოვა:
– ლელიკო ბიძია, კონსერვატორიაში ნაცნობები ხომ გყავთ, მგონი რექტორი ტუსკია, იქნებ მომიხერხოთ, რომ გადამიყვანონ მუსიკათმცოდნეობაზე.
მამაჩემს უცბად გული მოუვიდა:
– რას აკეთებ, ბიჭო, როგორ ყრი ამდენი წლის ნაშრომს წყალში, მუსიკა აღარ გიყვარს?
მამის აყვირება მეორე ოთახში გავიგონე. სიცხიანი ვიწექი, ასე მახსოვს. დედა გვერდზე მეჯდა. ამ სცენამ ისე იმოქმედა ჩემზე, რომ თითქმის ყველაფერი დავიმახსოვრე. მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავი. ეს იყო, თუ არ ვცდები, 1959 წელი.
მერაბს ცოტა არ იყოს ეუხერხულა, ასე რომ ააღელვა მამაჩემი. ცოტა ხანს იდგა თავჩაქინდრული, შემდეგ ასწია თავი და თქვა ჩუმი ხმით, მაგრამ ისე, რომ წყალი არ გაუვიდოდა:
– მუსიკა მიყვარს თავდავიწყებამდე, მაგრამ მასზე მეტად საქართველო მიყვარს!
მამაჩემი დაიბნა. ასეთ უცნაურ პასუხს არ მოელოდა. შემდეგ კიდევ უფრო გაბრაზდა:
– რას ამბობ, კაცო, რას უშლის საქართველო, შენს პიანისტობას?
მერაბს რატომღაც გაეცინა. მამაჩემსაც გაეცინა, მაგრამ მაინც განაგრძო აღშფოთებით:
– ეს საქართველო ყველას როგორ უშლის ხელს, გამაგებინეთ! იმპერიას, მეზობლებს, ახლა პიანისტებსაც. რას ამბობ, მერაბ, გაგიჟდი?
– არც ბევრი მიკლია, ლელიკო ბიძია. პირიქით არის საქმე – ჩემი პიანისტობა მიშლის მე… აწი დრო აღარ მექნება დღედაღამ დაკვრისა და რეპეტიციების.
– აჰა, – მიხვდა მამაჩემი ბრაზით, – ალბად სხვა ცოლი მოგყავს და საქართველოსთვის ბავშვების გაჩენაში ხელს გიშლიან მოცარტი, შუბერტი და რუსიკო!
მერაბს ისევ გაეცინა. მას უკვე მგონი, საცოლეც ჰყავდა, რუსუდან ბერიძე.
უცბად, მოულოდნელი მეტალით ხმაში, მერაბმა თქვა:
– ყველაფერს ვერ გეტყვით, ლელიკო ბიძია. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, თუ შეგიძლიათ. – მამაჩემს თბილად ჩაეხუტა, იქვე მოტრიალდა, სწრაფად გააღო კარი და რახარუხით დაეშვა ჩვენი სოლოლაკური ბინის ხის მრუდე კიბეებზე.
სახტად დარჩენილი მამაჩემი ერთხანს იდგა, მერე ჩვენს ოთახში შემოიხედა:
– მიხვდი, ხომ?
– მივხვდი, მივხვდი – ამოიოხრა დედამ – გააწამებენ მაგ ბიჭს ეს ველურები.
როცა ვიკითხე, რას მიხვდით-მეთქი, მშობლებმა დამიცაცხანეს, არ არის შენი საქმეო. წლების მერე, როცა მერაბმა და ზვიადმა წამოიწყეს ეროვნული მოძრაობის მეორე ეტაპი, ეს ამბავი გამახსენდა. მერაბმა თავისი საყვარელი საქმე მიატოვა იმიტომ, რომ ამზადებდა იმას, რაც შემდეგ მოხდა. როიალი დიდ დროს წაართმევდა და ამიტომ ტკივილით, მაგრამ მაინც, გამოემშვიდობა იმას, რაც მას მსოფლიო აღიარებას მოუტანდა. არ ვაზვიადებ, ნამდვილად ასე იქნებოდა – მერაბისგან დიდ პიანისტი დადგებოდა.
აი საოცარი სცენა: მეორე დღეს, როცა მამა კონსერვატორის რექტორთან წასვლას აპირებდა, ჩვენს სახლში გულის ამოვარდნით მოვიდა (კი არ მოვიდა, კიბეებზე ბრახაბრუხით ამოვარდა) თვით… კონსერვატორიის რექტორი და კომპოზიტორი, მამის ახლო მეგობარი იონა ტუსკია. არც მოგვსალმებია, ისე იყო აღელვებული. პირდაპირ ახალა დედაჩემს:
– თამა-ა-არა, დამეხმარე, გადაარწმუნე ის ბიჭი როგორმე! ლელი-ი-კო, ასეთი პიანისტი საქართველოს არც ჰყოლია, არც ეყოლება ათასი წელი! ნუ სჩადის დანაშაულს, ნუ აყვება სიზარმაცეს, ნუ ღუპავს ღვთით ბოძებულ ტალანტს, მთელი კონსერვატორია შეწუხებულია, ყველამ იცის მისი ფასი, ის მოვლენაა, ის პიანისტი კი არ არის მხოლოდ, ის დიდი მუსიკოსია! პიანისტები გვყავს ოხრად, ბევრი მართლაც ძალიან კარგია, მაგრამ მუსიკოსი, თანაც დიდი – არა გვყავს. დაარწმუნეთ – ნუ აყვება ბოზანდარა დედაკაცებს, თუ იქ დედაკაცია შუაში, ნუ აყვება ძველბიჭებსაც, თუ იქ ძველი ბიჭები არიან გარეულნი… რამ გაუტეხა გული ინსტრუმენტზე – არ ვიცი პირდაპირ…
იონა ტუსკია ტყვიამფრქვევით ისროდა ფრაზებს ისეთი ენერგიით, რომ სიტყვას ვერ ჩასვამდი.
მამამ დააცადა ემოციებიდან დაცლა და იკითხა ისე, ვითომც არც იცოდა არაფერი:
– რა გადავაფიქრებინო და ვის?
– მერაბ კოსტავას გადააფიქრებინე მუსიკათმცოდნეობაზე გადასვლა და დაარწმუნე ისევ დაუკრას და გახდეს ის, რაც უკვე ხდება! ლელიკო, გთხოვ! ასეთი მონაცემები მე არ შემხვედრია არსად! მისი დაკვრა უმაღლესი სულიერების აქტია! ის მოივლის მთელი მსოფლიოს, დაიპყრობს მსმენელს როგორც ეგონ პეტრი ან თეოდორ ლეშეტიცკი, სახელს გაუთქვამს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კონსერვატორიას, მეც ვიტყვი, რომ ტყუილად არ მიღვაწია, წყნარად წავალ საიქიოს…
– მოიცა, კაცო, ნუ გაგვაყრუე! – ვითომ გაბრაზდა მამაჩემი, – რა შუაში ვარ მე და რატომ გგონია, რომ მერაბი დამიჯერებს? ის არავის უჯერებს – საკუთარი მოსაზრებების გარდა…
ტუსკია ცოტა ჩაწყნარდა და სინანულით თქვა:
– თუ არ დაგიჯერებს, დიდ სიხარულს დაკარგავს მსმენელი, მსოფლიო გაღარიბდება…
– არ უნდა და ნუ უნდა! ძალად პიანისტობა არ გამიგია მე. შენც მორჩი ამ პათეტიკას – „მსოფლიო გაღარიბდება“, „სიხარულს დავკარგავთ“. მერაბმა რომ აღარ დაუკრას, ატომის ომი დაიწყება, როგორ გგონია?…
იონა ტუსკია უცბად ისევ აენთო:
– იმასხარავეთ, ბატონებო, რა გენაღვლებათ, თქვენ რა გესმით რა არის დიდი მუსიკა და რა კავშირები მყარდება ამ დროს ღმერთთან. მერაბი ზეცას აღწევს, უმაღლეს სფეროებს. ახლა კი… რა იქნება მერაბი უმუსიკოდ? არაფერი! ალბად, გინდა კინოში წაიყვანო და კამერის წინ აჯამბაზო – ქალები ხომ იფსამენ ასეთნაირებისათვის. – იონა ტუსკია გაბრაზებული წამოხტა, გაიჯახუნა კარი და ისიც, მერაბის მსგავსად, ბრახუნით დაეშვა ხის მრუდე კიბეებზე.
ჩემმა მშობლებმა ერთმანეთს შეხედეს. მამამ თქვა:
– მართალია ეს კაცი, მართალია იმაში, რაც იცის. ნეტა ხვდება თუ არა მერაბის წასვლის ნამდვილ მიზეზს?.. საწყენია დიდი ხელოვანის დაკარგვა, მაგრამ ეს მერაბის არჩევანია. დატანჯავენ ბიჭს, მაგრამ ეს გზა – მისი გზაა.
დედას ცრემლები წამოუვიდა.
მერაბს მუსიკა არ მიუტოვებია. იმდენს არა, რამდენსაც როიალთან, მაგრამ მაინც შრომობდა. მისი სადიპლომო ნამუშევრის ხელმძღვანელად ჩემი ბიძა, მკაცრზე-მკაცრი მუსიკათმცოდნე პროფესორი ლადო დონაძე დანიშნეს. მან დაწერა ასე: “არც მერაბ კოსტავამდე და არც მას შემდეგ კონსერვატორიაში დიპლომი ასე არავის დაუცავს”-ო. დიპლომის დასახელება იყო “ბაირონი დასავლურევროპულ სიმფონიურ მუსიკაში”. ლადო დონაძემ, რომელსაც თავის საქმეში ყველაფერი ჰქონდა შესწავლილი პირდაპირ დედნებში – ევროპულ ენებზე, ჩვენ ასე გვითხრა: „მე რასაც ვიცნობ მსოფლიო მუსიკალურ ლიტერატურას, არავის არ ესმოდა ასე ღრმად არა თუ სიმფონიური მუსიკა, არამედ ჯორჯ ბაირონიც“.
მე კი დღემდე მიტრიალებს თავში კეთილშობილი იონა ტუსკიას აღელვებული ფრაზა:
„მერაბი მუსიკაში აღწევდა უმაღლეს სფეროებს. რა იქნება მერაბი უმუსიკოდ?“.
მუსიკამ მართლაც დაკარგა ძალზედ ბევრი, რადგან მერაბმა მისთვის ბოლომდე ვერ მოიცალა – მერაბმა მოიცალა მხოლოდ საქართველოსათვის. ჩვენი ზნეობის გადასარჩენად მოიცალა.
რა იქნებოდა საქართველო უმერაბოდ?
აუცილებლად მოიგონებდა ასეთს. თუ შესძლებდა ასეთი სრულყოფილების შეთხზვას…
რამდენიმე წლით ადრე, ანუ 1956 წელს:
იმ ჩვენს ძველ თბილისურ ეზოში, პირველ სართულზე ცხოვრობდა ხანშიშესული ცოლ-ქმარი – ფაცა კორძაია და სილოვან ემხვარი, – თითით საჩვენებელი ინტელიგენტები. სილოვან ბაბუა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც იყო პიპინია „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“ – ასევე ეცვა, ასევე ლაპარაკობდა და ასეთივე არისტოკრატი იყო. ის ხომ აკაკი წერეთლის დისშვილი გახლდათ, როგორც თვითონ ამბობდა ფარული თავმოწონებით – ქართველა აფხაზი თავადი და არა ვინცხა აზნოურიო. გვაცინებდა დღედაღამ, გვართობდა და წიგნებს გვიკითხავდა. ნარდის თამაში უყვარდა ეზოში, მაგრამ სულ აგებდა, – არ ჰქონდა აზარტი და თამაშზე კონცენტრაციას ვერ (ან არ) ახდენდა, – თამაშის დროსაც ჩვენ გვიყვებოდა ნაირ-ნაირ ამბებს და ხმამაღლა ხარხარებდა ჩვენთან ერთად. ბავშვები ძალიან განვიცდიდით მის გაუთავებელ დამარცხებებს და ვბრაზობდით, როცა უნდა ამდგარიყო, სხვისთვის დაეთმო ადგილი და წაგების ერთი მანეთი გადაეხადა დუხჭირი პენსიიდან. ერთხელ გვითხრა:
„წაგებებს ნუ განიცდით, შვილებო, ყველა აზარტული თამაშობა ქვესკნელიდან მოდის. არასოდეს არანაირ აზარტს არ აყვეთ და აზარტს გატაცებაში ნუ აურევთ. გატაცებით სიყვარული ღმერთიდან მოდის, აზარტი კი სიყვარულს გამორიცხავს და ჯინიან ბოროტებაში გადადის“-ო. ისეთს გეტყოდა, ბავშვიც კი დაფიქრდებოდი ძალაუნებურად.
ერთი რაღაცნაირი შვილიშვილი ჰყავდათ, 17 წლისა. ბებია-ბაბუასავით გამხდარი და აწოწილი გურამი, მუდამ ცაში დიდის პატივისცემით მომზირალი, თან ისეთი დაკვირვებით, თითქოს ღრუბლებიდან ვიღაცის გამოჩენას ელოდებოდა წუთი-წუთზეო. ბავშვებს თავს მაინცადამაინც არ გვიყადრებდა და სულ გარე-გარე დაეხეტებოდა ძალზედ სერიოზული გამომეტყველებით, ვითომ რაიმე მნიშვნელოვანი საქმით ყოფილიყოს დაკავებული. სიარულისას გულში ისე იხუტებდა ვიოლინოს, თითქოს წართმევას უპირებენო. ორკესტრში უკრავდა ვაჟა აზარაშვილთან ერთად და სულ რაღაც მელოდიებს ღიღინებდა თავისთვის. ერთი-ორჯერ ამოვიდა ჩვენთან, მერაბს დაკვრის დროს გვერდზე დაუჯდა და რაღაცაზე დაუწყო ჩურჩული შეთქმულის სახით. მერაბიც ასევე პასუხობდა და დაკვრას განაგრძობდა. ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ უცბად მივხვდი, რატომ არ შეწყვიტა დაკვრა მერაბმა – სიტყვებს ფარავდა მუსიკით. მახსოვს, დედაჩემმა თვალები დამიბრიალა – გამობრძანდი აქეთ, რას მისჩერებიხარ ბიჭებს პირშიო.
მე კი დავიწყე მიხვედრა, რომ ეს გურამი არც მთლად უსაქმური ყოფილა და, რადგან მერაბი ასე ენდობოდა, ესე იგი რაღაცაში იყო საქმე…
ეს მევიოლინე გურამი იყო გურამ დოჩანაშვილი. მას, მერაბს, ზვიადს და სხვებს სრულიად საიდუმლოდ ანტისაბჭოთა არალეგალური ორგანიზაცია „გორგასლიანი“ ჩამოუყალიბებიათ და პროკლამაციების გაკვრა დაუწყიათ. ეს მაშინ თავგანწირვა იყო, თვითმკვლელობის ტოლფასი. მართლაც, ერთ საშინელ დღეს გავიგეთ, რომ ბიჭები დაუჭერიათ, გურამი კი სასიკვდილოდ დაუჭრიათ გრძელი დანით ზურგში – ყველა მიხვდა, რომ ეს საბჭოთა უშიშროების საქმე იყო.
ვერ გადარჩებაო და ასეც უნდა მაგასო, აქაქანდნენ აივნიდან აივანზე ენაგადმოგდებული დედაკაცები, მაგათზე ვაჟკაცი კაცებიც კი ხვდებიან, რომ საბჭოთა სისტემას ვერასდროს მოერევიან და ვინ მიგდიან ეგენი ცხოვრებას რომ გვირევენო, ის ერჩივნოთ თავის სკრიპკებზე უპრუწუნონო.
ტაკ იმ ი ნადაო…
დედამ ემხვარებთან რომ ჩამიყვანა, იქ უკვე დაგვხვდა ოლიკო დემურია. ის ფაცა კორძაიას გვერდით ეჯდა და გაყინულ ხელებს უთბობდა. მათ გაქვავებულ სახეებს ვარდისფრად ანათებდა ძველი ნავთქურა. ისე იჯდა ეს ორი ქალი, როგორც გამოძერწილი ქანდაკება, როგორც ნახატი დიდი მხატვრისა, რომელმაც შექმნა სახეები წმინდანებისა, უსიტყვოდ რომ იყურებიან სადღაც შორს, სხვებისთვის მიუწვდენელ უმაღლეს სივრცეებში. ვერც ერთს სახეზე ვერ შეატყობდი ვერც გლოვას, ვერც ტანჯვას. ეს ხომ ასეთი ჯიშის ხალხი იყო – არასოდეს შეგაწუხებდა თავის უბედურებით.
სილოვან ბაბუამ ნავთი შემოიტანა საქმიანი ფუსფუსით და დაჯდა… ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. სილოვანმა გრძელი დაძაბული პაუზა ვერ აიტანა, აწრიალდა და ცრემლით თვალზე თქვა, შვილებს გვიხოცავენო. მამაჩემმაც, მგონი, ამოიოხრა. უცბად ორივე ქალი, განსაკუთრებით კი ნაზი, გამხდარი, თითქმის გამჭვირვალე ფაცა ბებია კოცონივით აენთო:
– ჩვენმა ბავშვებმა იციან, რას შესწირონ თავი და რას არა! არ არის აქ საჭირო კვნესა-ვაება! დაველოდოთ, თუ გურამი დაიღუპა, მერე ჩვენ ვიცით, უფროსებმა… თუ გადარჩა, ბავშვები თვითონ გვეტყვიან, რა გზას დავადგეთ… ჭკუის სწავლებას ნუ დავუწყებთ, ეგენი ჩვენსავით დაშინებულები არ არიან! ჩვენ ვიკითხოთ, საცოდავებმა, არაფრის იმედი რომ აღარა გვაქვს, თავის გადარჩენის ინსტინქტიც რომ დაგვაკარგინეს ამ ნადირმა ბოლშევიკებმა… მოთქმა და ცრემლი არ ვნახო აქ…
მამაკაცები დამნაშავეებივით გაისუსენ. ოლიკო დემურიამ ისევ მოკიდა ხელები ფაცა კორძაიას გაყინულ ხელებს და ისევ განაგრძო მათი გათბობა. ქალებმა ისევ დაიწყეს ყურება სადღაც შორს, მიუწვდენელ სივრცეებისაკენ…
რა ყოფილა ქართველი ქალი უკიდურესი უბედურების დროს, – მაშინ ვნახე, ათი წლისამ, 1956 წლის დეკემბერის ცივ საღამოს, ქალაქ თბილისში, ლერმონტოვის 25-ის პირველი სართულის პატარა, მოუწყობელ ბინაში…
დიდხანს, დიდხანს ებრძოდა გურამი სიკვდილს და მაინც გადარჩა. გადარჩა ღვთის სასწაულით – ყველა სიკვდილის ჯინაზე, ყველა მოტლიკინის ჯინაზე, გადარჩა დიდი მწერლობისთვის, ჩვენთვის დიდი სიხარულის მონიჭებისათვის – მას ხომ უნდა ჩამოეტანა დედამიწაზე ის ამბავი, რომელიც გაიგო იქ, საიდანაც მოგვიბრუნა ღმერთმა: „დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო“…
მხოლოდ მაშინ ატირდა ფაცა კორძაია, როცა გადარჩენილი შვილიშვილი დაუბრუნდა სახლში.
როცა ეს დღეები მახსენდება, შინაგანი ძალისა და უმოტივაციო სიხარულის მოზღვავებას ვგრძნობ. ვხდები ბედნიერზე ბედნიერი და მინდა ყველას გავუზიარო ის, რაც ყველამ იცის უჩემოდაც: რა საოცრებაა ადამიანი, რა ამაღლებული, როგორი გამოუცნობი!
სულ ახლახანს ეს ამბავი რომ გავიხსენეთ, ვაჟა აზარაშვილმა ამოიოხრა, არავის გესმით, რა მევიოლინე დაკარგა ქვეყანამო!..“