იტალიის ეროვნული გმირის, გიორგი ვარაზაშვილის საფლავზე წერია: „გამვლელო, შეჩერდი! აქ განისვენებს პატრიოტი, რომელმაც სისხლი დაღვარა შენი განთავისუფლებისათვის. მან შენ თავისუფალი იტალია გაჩუქა”.
გიორგი ვარაზაშვილი დაიბადა 1914 წლის 12 მაისს სოფელ ჯიმითში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), ღარიბი გლეხის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ პატარაობისას ხელი დაიშავა და საჩვენებელი თითის ნახევარი მოკვეთილი ჰქონდა, მაინც სულ თიხისგან ძერწავდა სხვადასხვა ფიგურებს. ექვსი წლისა იყო, როცა დამ, სონა ვარაზაშვილმა თბილისში, თავის ოჯახში გადაიყვანა.
გიორგი სწავლობდა თბილისის შრომის მეოთხე სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ცენტრალურ გამგეობასთან არსებულ მოსამზადებელ კურსებზე, აიღო ატესტატი და მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც გამოჩენილი მოქანდაკის, ნიკოლოზ კანდელაკის კლასში დაიწყო სწავლა.
1940 წელს გიორგი ვარაზაშვილი წითელ არმიაში გაიწვიეს. გაანაწილეს 194-ე მსროლელი დივიზიის 299-ე საარტილერიო პოლკში, პირველ სასწავლო ბატარეაში.
1942 წლის იანვრის შუა რიცხვებში მტერთან ერთ-ერთი შეტაკებისას 299-ე პოლკის არტილერისტები უკან იხევდნენ და დაზვერვაზე წასულ გიორგი ვარაზაშვილს და მის ორ მეგობარს თავისიანები უკვე წასული დახვდნენ. გადაწყვიტეს ღამე ერთ-ერთ სოფელში გაეთიათ და გზად მიმავლები გერმანელთა მზვერავებმა ტყვეებად აიყვანეს. ტყვეობიდან 1943 წლის დასაწყისში გამოიქცა, მაგრამ ამავე წელს გერმანელებმა კვლავ დააპატიმრეს და წაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც კიდევ გაიქცა და ბრიანსკის ოლქის პარტიზანებს შეუერთდა.
1944 წლის ივლისში ბედისწერამ იტალიელ პარტიზანებს შეახვედრა. ტრევიზოს პროვინციაში, პარტიზანული ბანაკიდან შინ, სოფელ მირო-ფრონტოში მიმავალმა ჯოვანო ლიესიმ თან წაიყვანა ტყეში გადაყრილი ხუთი ჩამოძენძილი ტყვე, რომელთა შორის იყო გიორგი ვარაზაშვილიც. გაქცეულებმა ხუთი დღე დაჰყვეს ლიესების სტუმართმოყვარე ოჯახში. ამასობაში ჯოვანი ლიესი მოელაპარაკა კათოლიკური პარტიზანული ბრიგადის “პიავეს” ერთ-ერთი პაზმის უფროსს, ფარეზს, რომ საბჭოთა ტყვეები რაზმში მიეღო.
გიორგი ვარაზაშვილს პარტიზანული სახელი “მონტი” დაარქვეს და რაკი დიდად გაბედული და საზრიანი მეომარი იყო, მალე “კაპიტან მონტის” სახელითაც მონათლეს.
ამ პერიოდში კაპიტანი მონტი დაუახლოვდა პარტიზანების მეკავშირეს, ჯოვანი ლიესის დას, პაოლას, რომლისგანაც შემდეგ შვილიც შეეძინა.
1945 წ. თებერვალში ტრევიზოს პროვინციის მთაში დიდი თოვლი მოვიდა. საჭირო იყო პარტიზანების სხვაგან გადასვლა, რადგან მტერს, შეიძლებოდა, გზები შეეკრა და ადვილად გაენადგურებინა მთელი ბრიგადა. კაპიტანი მონტი და ბარბა (ჯოვანი მორანდინი), რომლებიც პაოლას დედის, ბერნარდინას საჯინიბოში იმალებოდნენ, 6 თებერვლის ადრიან დილას დაზვერვაზე წავიდნენ.
მზვერავები დიდი სიფრთხილით მიდიოდნენ თოვლიან გზაზე, მაგრამ ისინი მაინც შენიშნა ერთმა ფაშისტმა ქალმა და თავისიანებს შეატყობინა. ფაშისტებმა თოვლზე დარჩენილი ნაფეხურების მიხედვით მიაგნეს პატიზანების კვალს და უკან გაჰყვნენ.
კაპიტანმა მონტიმ და მისმა თანამგზავრმა შენიშნეს შავხალათიანები, ისინი ბევრნი იყვნენ და შებრძოლებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ მტერს განერიდნენ, სხვა გზით წავიდნენ. ფაშისტები კვლავ უკან მიჰყვნენ. უკვე ახლოს მისდევდნენ, მაგრამ იარაღს არ ხმარობდნენ, მზვერავების ცოცხლად ხელში ჩაგდება უნდოდათ, რომ მთელი ბრიგადისთვის მიეგნოთ.
ლტოლვილებს ფრიალო კლდემ შეუშალა ხელი წინსვლაში და სწორედ ამ კლდის წინ, კოცუოლოს ბორცვზე გათამაშდა ტრაგედია: მამაცმა პარტიზანებმა მეგობრების გაცემას სიცოცხლის გაწირვა ამჯობინეს, თითო ხელყუმბარა მტერს ესროლეს, მეორე კი მკერდზე აიფეთქეს.
დასაფლავებულია ტრევიზოს პროვინციაში, ჩიზონ დე ვალმარინოს მიდამოებში, სოფელ ტოვენას სასაფლაზე.
გიორგი ვარაზაშვილის ვაჟი, ჯორჯო ძამბონი (ძაბრონე) 1989 წელს იმყოფებოდა საქართველოში, გაიცნო ნათესავები და მოინახულა მამის მშობლიური სოფელი.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა