კატარში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კატარის მოქალაქეები ან კატარში ცხოვრების ნებართვის მქონე პირები კატარში დაბრუნებისას გათავისუფლებული არიან სავალდებულო კარანტინისგან იმ შემთხვევაში, თუ მათ გაკეთებული აქვთ COVID-19 წინააღმდეგ ვაქცინაციის სრული დოზა კატარის სახელმწიფოში ან საზღვარგარეთ კატარის მიერ ავტორიზებული შემდეგი ვაქცინებით:
- ფაიზერი/ბიონტექი;
- მოდერნა;
- ასტრაზენეკა;
- ჯონსონ&ჯონსონი.
კატარში დაბრუნებისას მათ გამომგზავრების ქვეყნიდან უნდა წარადგინონ 72 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტის პასუხი, ან PCR ტესტი გაიკეთონ დოჰას აეროპორტში ჩამოსვლისას საკუთარი ხარჯით, რომლის ღირებულება შეადგენს 300 კატარულ რიალს (85$).
ამასთან, მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ვაქცინის სრული დოზის მიღების დამადასტურებელი ცნობა, რომელშიც ასახულია შემდეგი ინფორმაცია:
- პირის სახელი და გვარი, როგორც ეს აღნიშნულია მის ოფიციალურ სამგზავრო დოკუმენტებში;
- ვაქცინის დოზების მიღების თარიღი;
- ვაქცინის დასახელება და სერიული ნომერი;
- ვაქცინაციის დაწესებულების ოფიციალური ლოგო და ბეჭედი;
გასათვალისწინებელია, რომ სრული ვაქცინაციის შემდეგ გასული უნდა იყოს 14 დღე.
სავალდებულო კარანტინისგან ასევე თავისუფლდებიან კატარის მოქალაქეები ან ბინადრობის მოწმობის მქონე პირები, რომლებიც განიკურნენ COVID19-გან, რაც დადასტურებულია კატარში შესაბამისი ლაბორატორიული წესით გაკეთებული ტესტითა და სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული ცნობით. ამასთან, პირველი დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს 6 თვისა.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის და ცნობის მისაღებად უნდა მიმართონ კატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ სამედიცინო ცენტრებს. აღნიშნული რეგულაცია მოქმედებს კატარის მოქალაქეებისა და ბინადრობის მოწმობის მქონე პირებისათვის.