სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II – ისა
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,
ქრისტე აღდგა!
„არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! –
შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც
აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას“ (მთ, 7,21).
კვლავ დადგა ჟამი დიდებული, – აღდგა უფალი ძალითა ძლიერი, რომელმაც სრულად შეცვალა სამყარო და განაცხოველა იგი.
მთელს დედამიწაზე ხარობს ეკლესია და მისი შვილნი, რადგან ამიერიდან „სამოთხე განღებულ არს და სიკუდილისა ბჭე დახშულ არს. პირველქმნილი ადამი კუალად განახლებულ არს და სამოსელი უკუდავებისა შემოსილ არს“ (იადგარი). დღეს ერთად შერცხვნენ ეშმაკი და სიკვდილი, გაცოცხლდნენ წინასწარმეტყველნი და ელხინათ მართლებს … „მაშ, გლოვის სამოსელი განიძარცვე და სიხარულის სამკაულით მოირთე, წმინდა ქალაქო” (წმ. მელეტი ანტიოქიელი).
ქრისტე აღდგა!
გიხაროდეს ქალწულო, რამეთუ შენგან და შენ მიერ იშვებენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი.
გიხაროდენ, ერნო, ჭაბუკნო და ასულნო, მოხუცებულნო ყრმათა თანა, რამეთუ მიზანი ბოროტისა განქარვებულია და მახენი ეშმაკისა – გაშიშვლებული.
გიხაროდეს, შენც, მიწავ და ზეცავ, მთაო და ზღვაო, და ყოველნო მყოფნო მათ შინა; შემოდის დღე – სასწაული, დღე – მაცხოვნებელი, დღე – გადამრჩენელი! ამიტომაც ვხმობთ: გუშინ თანა-ჯვარსვეცმოდი ქრისტესთან, დღეს თანა-ვიდიდები; გუშინ თანა-მოვკვდებოდი, დღეს თანა-ცხოველვიქმნები; გუშინ თანა-დავეფვლოდი, დღეს თანა-აღვდგები (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი).
აღდგომა ქრისტესი გვაზიარებს მის მიერ სიკვდილის ძლევის უდიდეს სიხარულთან, რაც ჩვენს პირად უკვდავებასაც უკავშირდება, რადგან „თუ სიკვდილის მსგავსებით თანაშეზრდილნი ვართ მასთან, აღდგომითაც მას ვემსგავსებით“ და როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე ჩვენც იმსოფლად განახლებულ სიცოცხლეში ვივლით” (რომ. 6,5-4)
განახლებული ცხოვრება კი დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ, რომ „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან განგვათავისუფლოს“ (რომ. 8,2).
სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული; შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და „კეთილისმოქმედნი გამოვლენ სიცოცხლის აღდგომისთვის, ხოლო ბოროტისმოქმედნი, – განკითხვის აღდგომისათვის“ (ინ. 5,28-29).
თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, – მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, -მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილ-სამყოფელს.
როგორი იქნება ჩვენი ხვედრი გარდაცვალების შემდეგ, ან საყოველთაო აღდგომისას, როდესაც მაცხოვარი კეთილსა და ბოროტს მარადიულად განაცალკევებს და გამიჯნავს?
ღმერთმა თავისი მეფობა სიყვარულით შექმნილ მთელ კოსმოსზე განავრცო და ადამიანი, რომელიც თავის თავში მთელი ამ სამყაროს მომცველია, განმგებლად დაადგინა, რათა მისი სამეფოსთვის ღირსეულად ეწინამძღვრა და ყველა და ყველაფერი, როგორც თავისი ნაწილი, უფლის მსგავსად, სიყვარულით ემართა.
ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენმა პირველმშობლებმა და მათმა შთამომავლებმა, საღვთო დიდებიდან დაცემის შემდეგ, მრავალი პირვანდელი თვისება დაკარგეს და დედამიწაზე ცხოვრების გაგრძელება მადლისგან გაღარიბებულ გარემოში მოუხდათ;
მიუხედვად იმისა, რომ ბოროტი ძალისგან მოწევნულ ასეთ დიდ დაბრკოლებას მეტად მძიმე შედეგები მოჰყვა, ადამიანში, დარჩა ხატება ღვთის და სამოთხისეული ისეთი სათნოებები, როგორიცაა: სიყვარული, რწმენა, ერთგულება, სამართლიანობა, მეგობრობა, სიკეთე, წესრიგი, იერარქია; ეს ფასეულობები სრულიად არამატერიალურია, ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველასთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი.
აღნიშნულ ღირებულებებს ითვალისწინებს და მათ ემყარება ნებისმიერი მიწიერი მეფობაც და მისი გამოვლინებაც ამა თუ იმ სახელმწიფოს სახით (თუნდაც მკვეთრად ათეისტური სულისკვეთებისა), რის გამოც იგი ზეციური ხელმწიფების თავისებურ აჩრდილს წარმოადგენს;
ამიტომაც ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა. ყველასთვის ნათელი მაგალითი ამისა არის წმ. დავით წინასწარმეტყველის ხანა.
ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ცათა სასუფეველი ამქვეყნად ხილულად განცხადდა. იგი სხვადასხვა ხარისხით ვლინდება მორწმუნეთა სულსა და მათ ცხოვრებაში; მეორედ მოსვლის შემდეგ კი სრულიად განმსჭვალავს ყოველივეს, – ხილულსაც და უხილავსაც.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ წარმავალ სოფელში ვცხოვრობთ, თუ დავიცავთ ზეციური მეუფის, მაცხოვრის, კანონებს, შევძლებთ ამქვეყნადვე გავხდეთ ცათა სასუფევლის მოქალაქენი, რათა, გარდაცვალების შემდეგ, დავიმკვიდროთ იგი და მარადიულად ღვთის დიდებაში დავრჩეთ, განურჩევლად იმისა, რომელ ქვეყანაში ვმკვიდრობთ და რა ეროვნებისანი ვართ.
რა პირობები უნდა შევასრულოთ ამისთვის?
ნებისმიერი სახელმწიფო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისგან ითხოვს ერთგულებას, მოვალეობისადმი პასუხისმგებლობას, ომის დროს კი თავდადებასაც;
ბუნებრივია, ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმართებს, რადგან ჩვენ მუდმივი ბრძოლის ქარ-ცეცხლში გვიწევს ყოფნა და ომი გვაქვს „არა სისხლთა და ხორცთა, არამედ… ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ“ (ეფ. 6.12).
ამასთან, ღვთის სამეფოს მოქალაქეებისთვის მთავარი მიზანი ჭეშმარიტი სიყვარულით სავსე მარადისობაა და არა ამსოფლიური კეთილდღეობა. უფლისგან მოცემული მცნებებიც ამ მარადისობის გზამკვლევია და განსხვავდებიან მიწიერი კანონებისგან; თუმცა საღვთო მოშურნეობის მქონე ქრისტიანისთვისაც კი ჩვეულებრივი მიწიერი ყოფა და, აუცილებლობიდან გამომდინარე, მატერიალურზე ზრუნვა უცხო არ არის; იგი სულიერ და მიწიერ ფასეულობებს შორის უპირატესობას, რა თქმა უნდა, პირველს ანიჭებს და იცავს პრინციპს: „მიეცი კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა“ (მთ. 22, 15,22), რაც ნიშნავს იმას, რომ კეისარს (ანუ მიწიერ ხელისუფალთ) უნდა მივაგოთ საკადრისი პატივი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც – ღმერთს.
ამასთან, ღრმადმორწმუნე ქრისტიანმაც შეიძლება დაუშვას გარკვეული შეცდომები, ვერ გაუმკლავდეს გამოწვევებს, გამოიჩინოს სულმოკლეობაც … მაგრამ არ უნდა შეშინდეს, რადგან „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“, მაგრამ მან სინანულით, აღსარებითა და ზიარების მადლით უნდა უწამლოს თავის სულიერ იარებს და, ღვთის იმედით, კვლავ უშიშრად განაგრძოს ცხოვრების გზა.
იესო ქრისტეს მიერ მოცემული ძირითადი პირობა-აღთქმანი კი ასეთია:
„გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით“ (მთ. 22.37-39; მრკ. 12.29-31)
„შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მრკ. 12,31) და „ როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი“ (ინ.13,34).
„გიყვარდეთ მტერნი თქვენნი“ (მთ.5,44)
„თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებებიც დაიცავით, ხოლო თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში იქნებით“ (ინ.14,15)
რა იგულისხმება საკუთარი თავის სიყვარულში?
ქრისტიანული გაგებით, საკუთარი თავის სიყვარული, პირველ რიგში, ნიშნავს ჩვენს მუდმივ ზრუნვას საკუთარ თავზე, რათა შევძლოთ ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება აღვიდგინოთ და ავაღორძინოთ; ამისთვის კი მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სიცოცხლის აზრი.
საკუთარი თავის სიყვარული, ასევე, ნიშნავს იმას, რომ, უფლის მსგავსად, თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი, და მისი წარმატებით ვხარობდეთ; განსაცდელის ჟამს კი, – ძალისამებრ ჩვენისა დავეხმაროთ;
მოყვასი ჩვენსავით ღვთის ხატად არის შექმნილი და, ამდენად, ნაწილია ჩვენიც და უფლისაც; მისდამი ჩვენი დამოკიდებულება კი ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას წარმოაჩენს.
აი, როგორ ბრძანებს მაცხოვარი: „რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავ და შემმოსეთ, სნეული ვიყავ და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავ და მომინახულეთ, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ” (მთ.25, 35-36,40).
ღმერთთან და მოყვასთან ერთობის სულით არის განმსჭვალული საუფლო ლოცვაც. ამიტომაც ვამბობთ: „მამაო ჩვენო“ და არა „მამაო ჩემო“, ან „მოგვიტევე ჩვენ“ და არა „მომიტევე მე“. და როცა მას წარმოვთქვამთ, ეს უნდა გავაცნობიეროთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ლოცვა ლოცვად შეირაცხოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამა თუ იმ ადამიანმა შეიძლება შეგვცოდოს და უსამართლოდ გული გვატკინოს, მაგრამ თუ სათანადო სინანული ექნება და ამას გამოხატავს,- უნდა შევუნდოთ.
ვისაც მოყვასისადმი ასეთი დამოკიდებულებები არა აქვს, მტრობს საკუთარ თავს, რადგან ჭეშმარიტი სიყვარულის ვერშემცნობია და ღვთის ნების წინააღმდეგი.
როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენ გვმტრობს?
ვინაიდან უფალს მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა ზედა და აწვიმებს მართალთაც და უსამართლოთაც (მთ.5,45), ჩვენ, თუ საკუთარი თავი გვიყვარს და ღვთისშვილობა გვსურს, მაცხოვრის მსგავსად, უნდა მოვექცეთ ჩვენს მოძულეს, ანუ გულწრფელი სიყვარული ვაჩვენოთ, სიკეთე მივაგოთ, მისთვის ვილოცოთ და ბოროტებაზე ბოროტებით არ ვუპასუხოთ; ოღონდ, როგორც მოყვასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც, უნდა გავემიჯნოთ მის ცოდვებსა და უსჯულოებებს;
ხოლო თუ ეკლესიისა და მოყვასის მიერ სინანულისკენ მომწოდებელი არაერთგზისი შეგონებანი არ იქნება მისგან შესმენილი, უნდა განვეშოროთ მას, „როგორც მეზვერესა და წარმართს“ (მთ.18,17-18).
ღვთის რჩეული ერი წარმართს აღიქვამდა, როგორც ეთნიკურად სრულიად უცხოს და სარწმუნოებრივადაც, – შეუწყნარებელს; ხოლო მეზვერეს (გადასახადების ამკრეფს), – საკუთარი ერის საზიანოდ წარმართთა ინტერესების გამტარებელს.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ასეთი ადამიანი თავისი უსიყვარულობით ღვთის გარეგანი ხდება.
სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარად აზროვნებენ ისინი, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და არც ღვთისა სწამთ და არც – მისი აღდგომისა.
მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს:
თუკი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს; დაე, მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხვეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე… ნურავინ შეაჩერებს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს; დაე, ფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად; დაე, იცრუონ, რამდენსაც ინებებენ, რადგან არავითარი სარგებელი არ არის ჭეშმარიტებისაგან…
და ასკვნის:
ამგვარი მსჯელობა სულს ამღვრევს და წარღვნამდელზე უარესი უწესრიგობა მოაქვს; თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი.
ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით:
ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი “შეავსებს”.
ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს.
ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტ-ჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა… გაყალბებული, პიროვნების იდეალი – უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“…
ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს;
ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედია-საშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი.
გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი… მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“
დაახლოებით ასეთად აღიქმება თანამედროვე მდგომარეობაც.
სამწუხაროდ, ამ სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი განსაცდელი აქვს: „ახალი სამყაროს“ წარმომადგენლებს თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.
არც მოწმუნეთათვის არის ცხოვრება ადვილი; მათი გული ბოროტსა და კეთილს შორის სულიერი ბრძოლის ისეთ ასპარეზად იქცა, რომლის მსგავსი უწინ არასოდეს ყოფილა (აღარაფერს ვამბობთ საერთო ეკონომიკურ გაჭირვებაზე, რომლისგანაც ქვეყანა ათწლეულებია ვერ გამოდის).
გამოსავალი ორივე შემთხვევაში ერთია:
მთელი არსებით უნდა მივიქცეთ ღვთისკენ – ყოვლადწმინდა სამებისკენ და ჩვენი ცნობიერება მის უზენაესობას დავუმორჩილოთ.
ამასთან, რაკი ღვთისაგან ყველაფერი სიყვარულით და სიყვარულისთვის შეიქმნა, ასეთივე გრძნობით უნდა ვუპასუხოთ შემოქმედს და გარე სამყაროსაც.
აღდგომილი მაცხოვარი, მოციქულ პეტრეს მსგავსად, ნებისმიერ ჩვენგანს მოგვმართავს: „გიყვარვარ მე?“
ამ კითხვას საქართველოში თითქმის ყველა დადებით პასუხს გასცემს, მაგრამ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც ადვილად მიგვახვედრებს, სინამდვილეში, ვართ თუ არა მართლები.
ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდას ჩვენს ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის; ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობის ხარისხით განისაზღვრება.
მაგალითად, თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა, რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს? და თუ გვაქვს, ე. ი. მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყოველივეს. ამასთან, ამ განწყობამ არ უნდა დაგვტოვოს მაშინაც, როდესაც დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე აღმოვჩნდებით.
ამქვეყნად არაფერი არ უნდა იყოს ისეთი, რაზეც, ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ. წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც – მას შინა. ამიტომაც, ცათა სასუფევლის მჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის სიტყვების სიღრმესა და მნიშვნელობას: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი.“ (მთ.10,37).
თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებთ.
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ჩავიხედოთ ჩვენს გულში და პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურვილი აღუსრულა და სიხარულითა დიდითა აღავსო იგი (მკ.9,24) .
მსგავსი სიხარულის თანაზიარნი ჩვენც რომ გავხდეთ, ღვთის შეცნობისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ: ვიკითხოთ წმინდა წერილი, წმინდანთა ცხოვრება და დარიგებანი. ასევე, მუდმივად უნდა ვთხოვდეთ მაცხოვარს, განგვაძლიეროს, და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებით ვევედროთ: „განმკურნე, უფალო, და განვიკურნები, გადამარჩინე, უფალო, და გადავრჩები, რადგან შენ ხარ ჩემი დიდება“ (იერ.17,14).
ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა, და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ყოველნო ერნო:
ქრისტე აღდგა!
მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი გვიხმობს სამეუფეო გზისკენ, მარადიული დიდებისა და ნეტარებისკენ, მარადიული სიყვარულისა და სიხარულისკენ.
მის შესახვედრად „უწინარეს ყოვლისა იპყარით რწმენის ფარი, რითაც შესძლებთ უკეთურის ყველა ცეცხლოვანი ისრის დაშრეტას“ (ეფ.6.11) და „შეიმოსეთ გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება; მიუტევეთ და თქვენი თავი მიჰმადლეთ ურთიერთს … შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა. ყველაფერს განაგებდეს თქვენს გულებში მშვიდობა ღმრთისა და მადლიერნი იყავით“… (კოლ.3.12-16). შეირტყით წელზე ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლის აბჯრით (ეფ.6,12), რათა „დავიმკვიდროთ შეუძვრელი სასუფეველი“ (ებრ.12,28)
გახსოვდეთ, „იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა“ (ებრ. 13.8) და ჟამთა ცვლა მას არ ეხება.
გიხაროდეთ, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
აღდგომა ქრისტესი,
2021 წელი