დიდი ხუთშაბათი – ვნების კვირის ხუთშაბათი

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვასა და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ.

ქრისტეს უკანასკნელი სერობის დღე, როდესაც მან მოწაფეებისათვის სუფრა გააწყო, რომელსაც 12 მოციქული შემოუსხდა:

”მოძღვარმა ჯერ მათ სათითაოდ დაბანა ფეხი, შემდეგ თქვა: ერთი თქვენგანი გამცემსო. ყველა შეძრწუნდა და იკითხა: „ნუთუ მე ვარო“. „სწორედ შენ“, უთხრა ქრისტემ იუდას და ჩასჩურჩულა: „რომელ გეგულვების საქმედ, ჰყავ ადრე“. ბოროტი იუდა ადგა, მღვდელმთავრებთან გაეშურა, ქრისტემ კი პური გაუტეხა მოციქულებს, მიაწოდა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის გატეხილი“, შემდეგ ღვინო დაუსხა: „ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული“.

ასე აღსრულდა პირველი ზიარება.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება.