ქოუჩი სუფთა ფურცელია, რომელზეც ადამიანები საკუთარ ოცნებებს და არა მარტო ოცნებებს წერენ – მიაჩნია ნატალია ზაუტაშვილს, რომელიც ბევრი ტკივილისა და ბრძოლის შემდეგ გახდა ქოუჩი. მან თავად გაიარა ის გზა, რომელიც პროფესიონალური დახმარების მისაღებად მასთან მისულმა ადამიანებმა უნდა გაიარონ, ამიტომ ნატალიას ზუსტად ესმის ადამიანების პრობლემები და მათი მოტივირებაც კარგად შეუძლია. წარმოუდგენია, რომ ქოუჩინგის განვითარებაში მან საკუთარი სიტყვა უნდა თქვას და ეს საჭირო პროფესია რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიიტანოს. ნატალია მოწოდებით ქოუჩია… და ყველა ნამდვილი ქოუჩი ასეთია.
–თქვენი აზრით, რა არის ქოუჩინგი და ვინ არის ქოუჩი?
-ქოუჩინგთან მეტაფორული დამოკიდებულება მაქვს და მიმაჩნია, რომ ის უდაბნოში ჩანჩქერია. როცა ძალიან მოწყურებული ხარ, ბევრი იხეტიალე, ეძებე, ვერაფერი იპოვე და გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, სწორედ მაშინ ხედავ ამ ჩანჩქერს. ქოუჩი კი არის ადამიანი, რომელიც ჩანჩქერთან დგას და ყველას მისთვის სასურველი და სასარგებლო ჭიქით აწვდის წყალს. სწორედ ეს იყო ქოუჩინგი ჩემს ცხოვრებაშიც.
–როგორი უნდა იყოს კარგი ქოუჩი და რა უნარებს უნდა ფლობდეს ის?
-კარგ ქოუჩს, პირველ რიგში, თანაგანცდის ძლიერი უნარი უნდა ჰქონდეს. ვთვლი, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს გულწრფელი, სანდო და უნდა აგრძნობინებდეს ადამიანს, რომ მისი თანასწორია. ესაა ყველაზე მთავარი ქოუჩინგის პროცესში. თუ ადამიანი არ გენდობა, შეუძლებელია მისი დახმარება მოახერხო და სესიამ წარმატებით ჩაიაროს. ნდობის მოპოვებისთვის კი საჭიროა, შენგან სათანადო ენერგეტიკა და პოზიტივი იგრძნოს. თუ შენთან მოსულ ადამიანს აგრძნობინებ, რომ მასზე მეტი იცი ან მასზე უკეთ შეგიძლია დასკვნების გამოტანა, შენ, როგორც ქოუჩი, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებ. ქოუჩი სუფთა ფურცელია, რომელზეც თავად კი არ წერს, არამედ სხვა ადამიანებს აძლევს საშუალებას, დაწერონ თავიანთი სურვილები, ოცნებები, რესურსები, მიზნები და გზები, რომლითაც ამ მიზნებს უნდა მიაღწიონ. ნამდვილი ქოუჩი, ვფიქრობ, სწორედ ასეთი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, ქოუჩობა არა შენი მოწოდება, არამედ მხოლოდ საქმე იქნება.
-მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, ქოუჩინგმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. შეუძლებელია, ქოუჩმა ოდესმე განვითარება შეწყვიტოს. თუ ეს მოხდება, მაშინ ის, როგორც ქოუჩი, აღარ იარსებებს. როგორც სესიებზე მისული ადამიანი სწავლობს ქოუჩისგან, ქოუჩიც აგრეთვე სწავლობს მისგან. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქოუჩს თავად ჰქონდეს გავლილი ის გზა, რომელიც მასთან მისულმა ადამიანმა უნდა გაიაროს. ასე რომ, ქოუჩის მიერ განვლილი ცხოვრება მის პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მე სწორედ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვიცი ზუსტად, რას ნიშნავს ცვლილებები, რას ნიშნავს საკუთარი თავის, დამოკიდებულებებისა და შეხედულებების გარდაქმნა. ზუსტად ამიტომ ავირჩიე, ვყოფილიყავი ქოუჩი, რომელსაც გააჩნია ძალა, დაარწმუნოს ადამიანი, რომ ის უნიკალურია და აქვს შესაძლებლობა, ცხადად აქციოს საკუთარი ოცნებები. ეს მე თავად უკვე გავაკეთე, ახლა კი მინდა, სხვებს დავეხმარო, შეცვალონ თავიანთი ცხოვრება.
–რეალურად, დგას თუ არა ქოუჩის საჭიროება დღეს ჩვენს საზოგადოებაში?
-დღეს, ალბათ, ყველაზე მეტად დგას ქოუჩის საჭიროება. ცვლილებები, რომლებიც პანდემიამ გამოიწვია, გვაიძულებს, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ადამიანმა ან მხოლოდ გადარჩენის გზა უნდა აირჩიოს ან ეს გარემო პირობები მის სასარგებლოდ გამოიყენოს. ამ შემთხვევაში, ქოუჩის როლი გადამწყვეტია. ის გაჩვენებს, რომ ცვლილება არაფერს ნიშნავს, მთავარია, შენ რა დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ და რა შედეგი გინდა მიიღო. ზოგადად, ცვლილებები პანდემიის გარეშეც გარდაუვალია, ამიტომ ადამიანებმა გადარჩენაზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ იმაზე, თუ როგორ განვითარდნენ, გახდნენ უფრო პროდუქტიულები და მოუტანონ უფრო მეტი სარგებელი საკუთარ თავს, სხვა ადამიანებს და ზოგადად, სამყაროს.
–საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენიათ, ქოუჩინგის სფეროს განვითარება სამომავლოდ?
-დღეს საკმაოდ ბევრი სკეპტიკური აზრი არსებობს ქოუჩინგის შესახებ, ამიტომ ყველაზე მეტად მინდა, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ჰქონდეს ქოუჩინგური პროცესის მზაობა. მე პირადადაც ვგეგმავ, ჩავერთო ბევრ აქტივობაში, რათა ადამიანებამდე ქოუჩინგის შესახებ ინფორმაცია სწორად მივიტანოთ. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთ ან თუნდაც, სხვის საქმიანობას მართავენ, ქოუჩთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდეთ. ისინი გაცილებით ეფექტურები ხდებიან და უმოკლეს ვადებში აღწევენ სასურველ შედეგებს. როდესაც ამა თუ იმ სამსახურის ხელმძღვანელს ერთხელ მაინც უმუშავია ქოუჩთან და იცის, როგორია ქოუჩინგური პროცესი, ის სხვანაირად უდგება საქმეს. მინდა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი იყოს ისეთი, ვინც ხვდება, რომ ქოუჩინგი ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
–როგორ ხედავთ თქვენს თავს ქოუჩინგში და როგორ ფიქრობთ, რა შეგიძლიათ შემატოთ ამ პროფესიას?
-მე მინდა, ვიყო ადამიანი, რომელიც ამ სფეროში თავის სიტყვას იტყვის… თუნდაც იმ გამოცდილებით, რომელიც შევიძინე, თუნდაც იმ სიძლიერითა და გაბედულობით, რომელიც მაქვს, თუნდაც ჩემი თანასწორობითა და გულწრფელობით… ჩემი თავი წარმომიდგენია ადამიანად, რომელიც ქოუჩინგის როლს უფრო მეტად გააცნობს საზოგადოებას. დიდი სიამოვნებით ვივლი რეგიონებში ჩემს კოლეგებთან ერთად და ადამიანებს ქოუჩინგის მნიშვნელობაზე ვესაუბრები.