ვნების კვირის დიდი ორშაბათი

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინ ვნების კვირა უსწრებს. სწორედ ეს კვირა ეძღვნება მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას, ჯვარცმასაიდუმლო სერობას, უფლის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, მაცხოვრის სიკვდილსა და საფლავად დადებას.

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.

ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ტაძარში ღვთისმსახურებისას ოთხივე სახარება თავიდან ბოლომდე იკითხება. ამავე კვირის “დიდ ხუთშაბათს” ტაძარში სადღესასწაულო წირვა ტარდება, ამ დღეს მოიწვია იესომ საიდუმლო სერობა და დაწესდა ევქარასტიის საიდუმლო. “წითელი პარასკევი” კი ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. სწორედ ამ დღეს მოხდა მაცხოვრის ხორციელი სიკვდილი. მორწმუნემ ამ დღეს ცოდვების ჩადენას განსაკუთრებულად უნდა ერიდოს. ტაძარში ამ დღეს სრულდება “გარდამოხსნის გადმოსვენება”. “დიდ შაბათს” დილით ადრე სრულდება ეკლესიის გარშემო გარდამოხსნის შემოტარება, რომელსაც შემდეგ შუა ტაძარში დაასვენებენ. წირვის ჩატარების შემდეგ კი მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად ემზადება.

დიდი ორშაბათი

დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა – იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ასევე ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესიაც დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან გამდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილ სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების აღწერით ეკლესია მორწმუნეებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისკენ, სულგრძელობისკენ, სიმშვიდისკენ, მოთმინებისკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისკენ მოუწოდებს და მაცხოვრის მიერ სახარების მთელ ქვეყენაზე გავრცელებისა და რჩეულთა გულისთვის განსაცდელთა შეწყვეტის აღთქმით ანუგეშებს (მთ. 24,14-22).