“ძმაო ზაქარიავ!
…სწორედ რომ გავიმარჯვე. უნივერსიტეტში ლექციების სმენის ნება მომცეს. ვუზივარ ლექციებს და ვზეპირობ, თუ სურსათი არ შემომელია, მეტი გამარჯვება ჯერჯერობით არ მინდა. უნდა გითხრა, ცეცხლია სწორედ ამ ლექციების სწავლა: დალოცვილ პროფესორს აღარ გაუშვია, თუ სადმე დანგრეული სოფელი, ან გამჭვარტლული ქვა გდებულა, სუყველა სახელი ლექციაში მოუქცევია, მაგრამ რას იზამ, უნდა იზეპირო, მეცნიერებაა. დასკვნა, რომელიც გამოვიყვანე წუთიერი დაკვირვებიდამ აქაურ ხალხზე და ცხოვრებაზე, შემდეგია:
ხალხი ერთობ ღვთის მოყვარე ყოფილა, რის გამოც ურიცხვი საყდრებია აშენებული; აქაურმა გლეხმა რომ ღამე ფანჯარაში სანთელი დაინახოს, მოიხდის ქუდს და პირჯვარს გადისახავს. ბევრი კიდევ სხვა რამეები მაქვს სათქმელი, მაგრამ პირში წყალი მიდგა და რა ვქნა, რა ვსთქვა! მხოლოდ რაც მე დავინახე აქ, ის ფაქტები სულ სხვანაირ პროგრამას უწერენ აქაურ წინამორბედს ხალხს და არა იმას, რომელსაც ისინი მისდევენ. თუ ძმა ხარ წერილი მომწერე და მანდიური ამბები შემატყობინე, უკრიტიკოდ, გაუკილავად, ისე რომ ნათქომს კლანჭი არ გამოეკიდებოდეს. კარგი იქნებოდა, რომ გროშებსაც გამომიგზავნიდი. აქ ერთი მანეთი თუმანი ღირს; ჩემისთანა გაფხეკილი კაცისთვის კი ორამდეც მიაღწევს.
ლექციებისა უნდა შევიტანო ოცდახუთი მანეთი და ერთი თვის საზრდოღა დამრჩება. კოჭლად წავა საქმე, თუ ცხოვრების წყაროები არ გამოვძებნე.
1883წ. 20 სექტემბერი, პეტერბურგი“