ბათუმთან ახლოს ორი ველომარშრუტის მარკირება იგეგმება. ველომარშრუტები სოფელ ავგიიდან ჭარნალისა და კვარიათის მიმართულებით მოინიშნება, რომელიც ველოსიპედისტებს საშუალებას მისცემს ზღვისა და მთის პანორამული ხედებით დატკბნენ.
“„ავგია-კვარიათი“-ს 4,5 კილომეტრიანი ველობილიკი ავგიაში, ჯვრის ტერიტორიიდან იწყება და ზემო კვარიათის გავლით ზღვასთან ახლოს კვარიათში სრულდება. ბილიკიდან ველოსიპედისტების თვალწინ ბათუმის, გონიო-კვარიათისა და ზღვის ხედები იშლება. რაც შეეხება, მეორე „ავგია-ჭარნალი“-ს ველომარშრუტს ის ავგიიდან ჭარნალის ხეობას მიუყვება, მდინარისა და ტყის საფარის გავლით კი სოფელ ჭარნალში სრულდება. სოფელში მრავლადაა კვების ობიექტები და ღვინის მარანი, რაც მოგზაურებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალებას აძლევს.” – ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარამენტის განცხადებაში.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ველომარშრუტების მარკირებას ზაფხულის დასაწყისისთვის დაასრულებს. ამავე პერიოდისთვის იგეგმება ქედა-შუახევის დამაკავშირებელი საველოსიპედე-საფეხმავლო ბილიკის მოწყობაც. შედეგად, ზაფხულში რეგიონის სტუმრებს 3 ახალ ველომარშრუტზე შეეძლებათ მოგზაურობა.