20 აპრილიდან „გაკვეთილები საზღვრების გარეშეს“ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია დაიწყო. ონლაინსკოლის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დაწყებასთან ერთად, გაიხსნა შემეცნებითი ონლაინ კურსებიც, რომლებზეც რეგისტრაცია ზუსტად ერთ კვირაში, 28 აპრილს დასრულდება.
ვებ-გვერდზე განთავსებულია როგორც ფასიანი, ისე უფასო ონლაინ, შემეცნებითი კურსები. პირველ ეტაპზე, სწორედ იმ არაფორმალური განათლების ონლაინ სერვისებზე დაიწყო რეგისტრაცია, რომელიც ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველ მოზარდებს და არამხოლოდ მოზარდებს, საქართველოსთან მეტად დაახლოვებს.
დაიწყო რეგისტრაცია უფასო ონლაინ კურსებზე, როგორებიცაა: „ვისწავლოთ ქართული ენა“ – პედაგოგი – ნინო კაკაჩია და „ქართული თეატრის ამბავი“ ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად.
ფასიანი ონლაინკურსებია: „ჭადრაკის ჯადოსნური სამყარო“ – ნატალია ეძგვერაძესთან ერთად; და რა თქმა უნდა, ონლაინ სკოლის ვებ-გვერდზე დაიწყო რეგისტრაცია „კალიგრაფიის ონლიან გაკვეთილებზე“ დავით მაისურაძესთან და ლეილა ბაღბაიასთან ერთად.
ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია ისეთ კურსებზე რეგისტრაცია, როგორებიცაა “სამშობლოსმცოდნეობა პროფესორ ვაჟა შუბითიძესთან ერთად” და “ტიხრული მინანქრის საბაზისო კურსი (ცივი მინანქარი)”, რომელსაც ნანა აზიზიანი წარუძღვება.
საიტზე რეგისტრაციის გამოცხადებიდან პირველივე დღეს, სულ რამდენიმე საათში დარეგისტრირებულთა რიცხვმა 20 ადამიანს გადააჭარბა, რაც კი იმის ინდიკატორია, რომ ინტერესი და სურვილი საკმაოდ დიდია. აღსანიშნავია, რომ ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტისა და ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის, თიკა სვანიძე-ვენკოს პატრონაჟით შეიქმნა პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლა „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“.