ფოტოგრაფი გოგია
ზაფხულის ჩვეულებრივი ცხელი დღეა. სოფელში, ერთი მოზრდილი ხის ძირში თავი მოუყრიათ სოფლის „ბირჟავიკებს“ და ქვეყნის ამბებს არჩევენ. კამათისას ხშირად ჩხუბიც მოსდით ხოლმე, მაგრამ უცებ ზავდებიან. სოფელში უცხოა შური და ბოროტება, ყველა ერთად დგას ლხინში თუ ჭირში. ერთმანეთის უხარიათ და სტკივათ. ერთი სიტყვით, სოფელი ერთი დიდი ოჯახია.
როგორც წესი, თვეში ერთხელ ფოტოგრაფი ჩამოივლიდა ხოლმე, მაგრამ არასდროს იცოდნენ, ზუსტად რომელ დღეს ესტუმრებოდა სოფელს უკვე შეთამამებული ფოტოგრაფი. იგი თავისებური შეძახილით ამცნობდა „კლიენტებს“სტუმრობას: თავზე ყოველთვის შლაპა ეხურა, გახუნებული კოსტუმი ეცვა, შარვალი კი იმდენად სრული ჩანდა, რომ სათავეზე ქამრის ქვემოთ „პლისები“ ჰქონდა გაკეთებული… ნაკლის დასაფარად, ცხვირაქლექილი ფეხსაცმელი შეეღება, მაგრამ მაინც ჩანდა. ერთ ხელში ფოტოაპარატი ეჭირა, მეორე კი კისერზე ჩამოეკიდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ყვიროდა.
– ვის სურს ფოტოს გადაღება?
…თითქმის მთელ სოფელს მოივლიდა ასე ყვირილით. შუაგულ სოფელში ბავშვებს მოეყარათ თავი და თამაშობდნენ. ფოტოგრაფმა ყველა ბავშვის სახელი იცოდა ზეპირად და ისიც, ვინ ვისი შვილი იყო.
– გიგაია, ბიჯო, დოუძახე მამაშენს, ჰკითხე, თუ უნდა ფოტოს გადაღება, წინა თვის გადაღებული ფოტოც მოვიტანე და მიურბენინე ბარემ…
– ახლავე გოგი ბიძია! – გაიქცა ბავშვი სახლში, მშობლებისთვის რომ ეცნობებინა ფოტოგრაფის მოსვლა. მერე მეორე ბავშვს მიუბრუნდა.
– თინიკო, ბიძია, უთხარი მამიდაშენს, რომ მევედი, ძველი ფოტოები მოვუტანე და თუ უნდა კიდე გოდოუღო, გეიპრანჭოს ცოტა, რო იცის ისე!
ასე სათითაოდ გაესაუბრებოდა ბავშვებს და ბოლოს რომ დაიღლებოდა, ყველას ერთხმად ეტყოდა:
– ჰე, მიდით ახლა ბოვშებო, გეიქეცით სახლებში და უთხარით ყველას, მე აგერ მევიცდი, ჩამოვჯდები ქვაზე, დეველოდები თქვენ პასუხს, ვისთან მივიდე…
ბავშვებიც თავს ანებებდნენ თამაშს და გარბოდნენ სახლებში.
უცებ ერთი ბავშვი გამოეყო თანატოლებს, მორიდებით მივიდა ფოტოგრაფთან და
ყურში ჩასჩურჩულა.
– გოგი ბიძია, ერთ რაცხას გეტყვი და არ გამცე, კაი?
– რაია ბიძია, რა გაქ ჩემთან სათქმელი ამისთანა?
– ხო იცი, გოგი ბიძია მე ვალოდიეს გოგო რომ მიყვარს, თეონა?! ჰოდა, იმან თუ გედეიღოსფოტო, მომეცი რა იქნება, გეხვერწები.
– ოხ, შე ეშმაკის ფეხო, რა იცი შენ სიყვარული, ჰა? ჯერ მიწას არ აცდენილხარ. მარა რაი გინდა, მეც კი მიყვარდა შენხელა რო ვიყავი დათოიეს დაი და კი დამტოვა აგერ უცოლო! თვითონ კიდო გოუთხოვარია… კაია ბიძია, კაი, თუ გიყვარს! გოუფრთხილდი მაგ სიყვარულს, მარა ნამეტანიცნუ დააფასებიებ თავს, თორე დეგემართება ჩემსავით. გედეიკიდე მერე ფოტოაპარატი და იარე ასე სოფელ-სოფელ. იქნება ერთხელ მაინც მოვკრა თვალი ჩემ ბაღნობის სიყვარულს-თქვა.
ფოტოგრაფს ეტყობოდა, კიდევ სურდა რაღაცის მოყოლა, მაგრამ არ დააცადა ბიჭმა.
– გოგი ბიძია, მომეცი ახლა მაი ფოტო, თუ გაქვს და მეორედ, რომ მოხვალ, მე დევირბენ მთელ სოფელს ფეხდაფეხ და ვამცნობ ხალხს შენს მოსვლას.
– ოხ, შენ ეშმაკის ფეხო, შენა. მეიცა კი მაქ გონია, დავძებნი, მარა იმას რაი ვუთხრა, მერე?
– მეიფიქრებ შენ რაცხას… კაი კაცი ხარ შენ, გოგი ბიძია!
ფოტოგრაფმა დაიწყო ფოტოების დათვალიერება.
– ა, ბიჯო, აგერ სამი მქონია დაბარებული. ერთს მოგცემ, ვეტყვი შემეშალა-მეთქი. წადი ახლა დეიკარგე აქიდან, შე მაიმუნო შენა!!!
ჩამოჯდა ქვაზე ფოტოგრაფი და დაელოდა ბავშვებს, რომ გაეგო ვისთან მისულიყო. ღობის ჭრილიდან მოხუცი ცოლ-ქმარი იცქირებოდა. დაუძახეს ფოტოგრაფს, გეგონებოდათ, ვიღაცას ემალებოდნენ ან არ უნდოდათ ვინმეს გაეგო, რომ ეძახდნენ. ხმა რომ ვერ გააგონეს, კენჭი ესროლეს. ფოტოგრაფმა ვერ დაინახა ვინ ესროლა კენჭი.
– დამენახე, ვინ ჯანდაბა ხარ?! რას მესროულები ამ ქვებს?
– გოგია, ბიჯო, რამ გადაგრია, მე ვარ, იპოლიტე, მეიწი აქით!
ფოტოგრაფი მაშინვე წამოხტა და მიირბინა ღობესთან.
– რა იყო იპოლიტე ბიძია, დაგიშავე რამე, რომ მესროულები ამ ქვებს?!
– მოი ბიძია აგერ, ჩამოი ეზოში და გეტყვი მაგას.
გააღო ფოტოგრაფმა ეზოს ჭიშკარი და ჩავიდა ეზოში, ხელი ჩამოართვა იპოლიტემ.
– კაი გამარჯობა ბიძია, შენი გამოჩენა ისე მიხარია, გეგონება მამა ღმერთი მოდისთქვა, მარავერასდროს ვერ გითხარი, რაცხა მინდოდა. ახლა რავაც კი ჩაგიგდე ხელში მარტო, გეტყვი აგერ.
– გისმენ იპოლიტე ბიძია, ხო გაქ მშვიდობა?
– კი, ბიძია კი, მაქ მშვიდობა. აგერ მე და ჩემ კნენიას გვინდა ფოტოების გადაღება ერთად, რომ მოვკვდებით და წავალთ იმ ქვეყანაში ერთი ფოტო მაინც ექნება ჩემ ბაღნებს გასადიდებელი ერთად გადაღებული.
– შენ კარგად იყავი იპოლიტე ბიძია და ორს გადაგიღებ, მაი არაა პრობლემა.
მოხუცი ცოლ-ქმარი საგანგებოდ გამოეწყვნენ და სკამზე გვერდი-გვერდ დასხდნენ. ჯერ კარგად გასწორდნენ წელში და ისე გადაიღეს ერთი ფოტო, შემდეგ ხელი მოჰკიდეს ერთმანეთს ხელზე. იპოლიტემ ლოყაზე ტუჩები მიადო მის კნეინას და ფოტოგრაფს უთხრა, ასეც გადამიღე ბიძია ფოტოო…
ბოლოს კი გააფრთხილა იპოლიტემ ფოტოგრაფი: არავისთვის ენახვებიადაბეჭდილი ფოტოები და რაც შეიძლება მალე მიეტანა მისთვის. ფოტოგრაფმა ხელი ჩამოართვა და დაემშვიდობა.
გოგია დაელოდა ბავშვების დაბრუნებას, მალე ისინიც გამოჩნდნენ და უთხრეს, ვისთან მისულიყო. ფოტოგრაფმაც ამოიღო ჩანთიდან პატარა ჯიბის ბლოკნოტი და ჩაინიშნა. სიის თავში შოთას ოჯახი იყო. ჭიშკართან პატარა ბიჭი შეხვდა, ასე ხუთი წლის იქნებოდა, ნახევრად შიშველი. ცნობით უკვე ისიც იცნობდა სოფლის ფოტოგრაფს და ღიმილით შეხვდა. თამაშ-თამაშით გაჰყვა უკან სახლისკენ მიმავალს, თან დედას ეძახდა: მოვიდა ფოტოგრაფი და გამოდიო!
გოგიას ჯიბეში ყოველთვის ჰქონდა კანფეტი და პატარა ბავშვებს ურიგებდა ხოლმე. ახლაც ისე მოიქცა, ერთი ცალი კანფეტი ამოაძრო ჯიბიდან და მისცა პატარას. ამიტომაც უფრო უყვარდათ ბავშვებს ფოტოგრაფი გოგიას დანახვა…
ოჯახის დიასახლისმა სახლში შეიპატიჟა სტუმარი. ისინი მზად დახვდნენ, ყველამ ცალ-ცალკე და ერთადაც გადაიღეს ფოტოები. ერთი ჭიქა ღვინოც დაალევინეს, დასაყოლებელი მიართვეს და გაისტუმრეს.
იქედან წამოსულმა სიას ჩახედა, მეორე ადგილზე მერაბიე ეწერა. თავი მოიფხანა და თავისთვის ხმამაღლა ჩაილაპარაკა: რა გაუძლებს ახლა ამის ფოკუზებსო და გზა გააგრძელა.
მივიდა მერაბის ჭიშკართან და ხმამაღლა დაიძახა: – ბატონო მერაბ! ბატონო მერაბ!
ქალი გამოვიდა სახლიდან.
– მობრძანდით ბატონო გოგი. რა ხანია გელოდით მთელი ოჯახი…
– გაგახაროთ ღმერთმა, ქალბატონო ნათელა!
ამ საუბარში სახლშიც შევიდნენ. მისთვის განკუთვნილ სავარძელში ჩამჯდარა ოჯახის უფროსი, ფოტოგრაფის დანახვაზე ოდნავ წამოიწია ზემოთ, ხელი ჩამოართვა და ისევ ჩაჯდა სავარძელში,ფოტოგრაფსაც მიუთითა, სად უნდა დამჯდარიყო. გოგია ამ სახლში მისვლისას ყოველთვის არაკომფორტულად გრძნობდა თავს. დიდად არ სიამოვნებდა აქ მისვლა, მაგრამ არც დაკარგვა სურდა. ამით ხომ მის ბიუჯეტს დააკლდებოდა შემოსავალი. ამიტომ, ყველანაირად ცდილობდა მალე შეესრულებინა საკუთარი მოვალეობა და გაცლოდაიქაურობას. ოჯახის უფროსმა ჯერ სავარძელში მოისურვა ფოტოს გადაღება – ჩიბუხი გაირჭო პირში, ხელში სპეციალურად მისთვის დამზადებული ჯოხი დაიკავა, თავზე ქუდი დაიხურა და ბეჭებში გასწორდა, ცალი წარბი აწია ზემოთ და თვალით ანიშნა ფოტოგრაფს – მიხედე შენს საქმესო! შემდეგ შვილებთან ერთად გადაიღო ფოტო. ბოლოს გვერდით დაიდო მეორე სავარძელი და ცოლს უბრძანა, ჩამჯდარიყო! ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა მეუღლეს და მოწყვეტილივით ჩაეშვა სავარძელში, თმებზე ხელი გადაისვა და… გოგიამაც არ დააყოვნა. როგორც კი მორჩნენ ფოტოების გადაღებას, გოგიას კუთვნილი გასამრჯელო ჩაუთვალეს და დაემშვიდობნენ ისე, რომ არც კი გამოუცილებიათ სახლიდან. გოგიამ თავისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა.
– ამისთანა კრიჟანი ოჯახი ჯერ არ შემხვედრია. ერთ ჭიქა ღვინოს არ მოგაწოდებენ, გაგისკდეს მაგი ღვინით სავსე ჭურები რო გაქ მერაბია, მაინც ვერ იმეტებ ვინმესთვის და რა ჯანდაბად გინდა?! გამოიხურა ჭიშკარი და სოფლის დაღმართს დაუყვა. ისევ ჩაიხედა ბლოკნოტში. სახეზე წამოაწითლა, ცოტა ოფლმაც დაასხა, ცხვირსახოცი ამოიღო და შუბლზე მოისვა… ახლა უკვე იმ ოჯახისკენ დაიძრა, სადაც მისი დიდი ხნის სიყვარული ცხოვრობდა.
– ეჰ, ფიქრობდა თავისთვის – თვითონაც დაბერდა და მეც მარტო დამტოვაო. ქალს თავი ყოველთვის გოგიაზე უკეთესი ეგონა და… ქე დარჩა გაუთხოვარი…
ჭიშკარს, რომ მიადგა, დაძახებაც არ დასჭირვებია, მამაკაცმა კარი გაუღო, ხელი ჩამოართვა და სახლში მიიპატიჟა. ოჯახის უფროსი ჯერ გაუმასპინძლდა ფოტოგრაფს. გულუხვი კაცი ჩანდა. ცოლს უთხრა: – გამეიტანე ქალო, რაცხა გვაქ სახლში, სტუმარი ღვთისაა და ამისთანა კაი სტუმარი ხო მთლად ახარებს ჩვენ გულსო!
დატრიალდა დიასახლისი და სუფრის გაშლა დაიწყო. ფოტოგრაფი თვალს გააპარებდა ზოგჯერ სამზარეულოსკენ. იქნებ მისი გულისმპყრობელი დაელანდა. არადა, იგი ისევ ისე ჯიუტად იქცეოდა, როგორც ადრე – ჯერ კარგად უნდა ეწვალებინა და მერე გამოვიდოდა.
ამჯერადაც ეგრე მოიქცა – დაგვიანებით, წითელი კაბით და მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელითწარსდგა უიმედო და უიღბლო მიჯნურის წინაშე. მის დანახვაზე ფოტოგრაფს გულის ცემამ უმატა. ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ… ტრადიციული სუფრაც გაიშალა. ოჯახის უფროსმა მშვიდობის სადღეგრძელო შესვა. ფოტოგრაფმა მოკრძალებით სთხოვა: – ხომ იცი, სოფელი მაქვს მოსავლელი. ერთ ორ ჭიქას დავლევ და წავალო.
– კარგი გოგი, კარგი, მარა, ერთ რაცხას გეტყვით ახლა, აგერ, ჩემ დაიას და შენ: რო დამდგარხართ ორივე ცალ-ცალკე და შორიდან დნებით ერთმანეთის სიყვარულით, მაინდამაინც გინდათ მთლად დაბერდეთ ისე, რომ არ დატკბეთ ერთმანეთით? მეიფიქრეთ რაცხა, მე ჩემი დაი სახლიდან კი არ მინდა გავაგდო, მარა რო ვუყურებ შენ საცოდაობას და ცალკე ამისას, მე თუ არ გიჯიკეთ, გონია თქვენით ვერ იფიქრებთ ვერაფერს… შემდეგ მის დას ჰკითხა.
– თქვი გოგო რაცხა, რო არ იღებ ხმას?! რო დაადნე აგი კაცი.
– მე რა უნდა ვთქვა. კაცი მაგია და დადის ასე ფოტოაპარატით ხელში, სოფელსოფელ და ქალისთვის სიტყვა ვერ უთქვამს. მაშინ კი ვიყავით ბაღნები, რო ვაწვალებდი, მარა ახლა არც მე ვარ ბოვში და არც მაგი, ა, ხო უყურებ, გაჩუმებულია და არ იღებს ხმას.
გოგიამ სახეზე ხელი მოისვა, ჭიქას ხელი მოჰკიდა და წამოდგა..
– აგერ ორმოცდახუთი წელი შემისრულდება სადაცაა და კაი კაცობის მეტი არაფერი მიკეთებია, კი იცით ეგი თქვენ… მთელი ბაღნობა მიყვარდა მაყვალა, მარა ერთხელ არ გამომხედა ნორმალურად, სულ მამცირებდა სხვების თვალში, მერე მეც კი დევიღალე და გავჩერდი, ვუთხარი ჩემ თავს: აგი არ მაღირსებს მე ბედნიერებას და დავრჩები ისევლე ჩემ თავთან და ჩემ სიყვარულთან მარტო-თქვა. მერე კი დევიწყე ეგი საქმე, სკოლა რო დავამთავრე, იმის იმედად, ხანდახან მაინც რო შემეხედა მაყვალასთვის, მარა, არც მერე იკლავდა თავს ჩემი ყურადღებით… აგერ ახლა თქვენს ოჯახში ვარ და აგერაა მაყვალაც, თუ გამომყვება ცოლად, არ მოვაკლებ სითბოს და სიყვარულს, თუ არა და კი ვეგდები ისევე მარტო ჩემ თავთან და ვივლი ასე სოფელ-სოფელ. სხვა რაი დამრჩენია ამ დუნიაზე მე.
ოჯახის უფროსი მიუბრუნდა მაყვალას და უთხრა.
– ამეიღე გოგო ხმაი. წახან რო გეილექსე, გეეცი ამ კაცს პასუხი, ნუ მოკალი კაცი!
სიჩუმე ჩამოვარდა სახლში. ყველა მაყვალას პასუხს ელოდა. როგორც იქნა, მაყვალამ რამდენიმეწუთიანი დუმილი დაარღვია.
– თანახმა ვარ.
სიხარულისგან ლამის ჭიქა გაუვარდათ ხელიდან ფოტოგრაფ გოგიას და ოჯახის წევრებსაც.
მაყვალამ: – რაიყო, ასე ძაან გინდათ, ახლა რომ წევიდე სახლიდან თუ რამ გაგახარათ ასე?!
– რას ამბობ, ჩემო დაიო, მე ბედნიერი მინდა გნახო, გამრავლებული გახარებული, თვარა, იყავი აგერ. რაფერ ფიქრობ: რო წახვალ არ მემენატრები, საფიქრალი და სადარდებელი არ მემემატება, მარა ქალი ამისთვის გააჩინა ღმერთმა და კაცი, რო, უნდა იყვნენ ერთად და იმრავლონ ქვეყანაზე.
ამის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ორ კვირაში ნიშნობას გამართავდნენ და ხელსაც მოაწერდნენ გოგია და მაყვალა. ოჯახის უფროსმა გაცილებისას, ფოტორგაფს ჩუმად უთხრა: მე რომ არა, კიდო მასე ივლიდი შენ მარტო ეული. იქედან წამოსული ფოტოგრაფი კიდევ რამდენიმე ოჯახს ესტუმრა. ფოტოები გადაუღო და ყველას უთხრა: დღეს ჩემს ხარჯზე იქნებით ყველა, არ მინდა თქვენი ფული – მე გეპატიჟებითო!
ბოლოს კი იმ ადგილთან მივიდა, სადაც სოფლის „ბირჟავიკები“ იყრიდნენ თავს და განიხილავდნენ ქვეყნის ამბებს. ფოტოგრაფის დანახვა მათაც გაუხარდათ. ერთად გადაიღეს ფოტო.
რამდენიმე კვირის შემდეგ კი სოფლის ეკლესიაში წყვილი ჯვარს იწერდა.
სოფო იმერელი