სან – ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 15 აპრილს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ‘’საქართველოს ტექმეგობრებს’’ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას საქართველოსა და კალიფორნიის შტატის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებს შორის. “საქართველოს ტექმეგობრები” ვალდებულებას იღებენ ინვესტიციების სახით ნახევარი მილიონი აშშ დოლარი შესთავაზონ ქართულ სტარტაპებს შემდგომი განვითარებისთვის. ცოდნა, გამოცდილება და უზარმაზარი ქსელი, რომელიც ინვესტორებს თან ახლავს, გააძლიერებს სტარტაპების გარემოს საქართველოში და ქვეყანაში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას მისცემს შემდგომ ბიძგს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს GITA-ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ და “საქართველოს ტექმეგობრების’’ დამფუძნებლებმა: MizMaa Ventures -ის გენერალურმა პარტნიორმა და თანადამფუძნებელმა ისააკ აპელბაუმმა, Primera Capital-ის მმართველმა დირექტორმა და დამფუძნებელმა პარტნიორმა ორი სასონმა, Stock Farm Ventures-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა პარტნიორმა თეოდორ თასინგმა და კერძო ინვესტორმა მარკ აბრამოვიჩმა.